ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნადირაშვილი და ჯაფარიძე კალაძეს და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს უჩივიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს უჩივიან. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, სარჩელი პროკურატურაში უკვე შეიტანა.

"საჩივარი შეეხება ცილისწამებას, რომელიც გამოთქმული იყო ჩემი და ზურაბ ჯაფარიძის მიმართ. ჩვენ ისედაც ვაპირებდით ჩივილს, უბრალოდ ველოდებოდით ქარტიის საბჭოზე ამ თემის განხილვას და ამის თაობაზე ვთქვით კიდეც. ჩაატარებს პროკურატურა გამოძიებას და დაადგენს, რის საფუძველზე დაგვწამა ცილი კახი კალაძემ ან მე ან ზურაბ ჯაფარიძეს და რის საფუძველზე გააკეთა ელჩმა ის განცხადებები, რომელიც გააკეთა", - აღნიშნა ნადირაშვილმა. 

ცნობისთვის, 19 ივნისს,საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საპარლამენტო უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ "დეპუტატებს არადეკლარირებული თანხა ჰქონდათ". თავად ზურაბ ჯაფარიძემ და ირმა ნადირაშვილმა უარყვეს დაკავების ფაქტი. ჯაფარიძის ვარაუდით, ქართული სპეცსამსახურები იმ პირებს უსმენდნენ, ვისაც დეპუტატი თბილისში ირმა ნადირაშვილის ვაიბერის საშუალებით უკავშირდებოდა.

საქართველოს ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ მაშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი "აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს".

ამასთაბ, ორი დღის წინ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ნაციონალური მოძრაობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადება საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ეთიკის ქარტიის სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ სააგენტომ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რაც გულისხმობს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

კომენტარები