ანტისემიტიზმი

პატრიარქი: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი

"26 საუკუნის განმავლობაში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქმა საპატრიარქოში განაცხადა, სადაც ებრაულ დელეგაციას უმასპინძლა. ილია მეორის თქმით, ქართველებსა და ებრაელებს შორის სისხლით ნათესაობა არსებობს. 

"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო, ჩვენო ძვირფასო დებო და ძმებო. მე გულითადად მოგესალმებით ქართველი ერის სახელით, ებრაელი ერი და ქართველი ერი აღნიშნავს 26-ე საუკუნეს ჩვენი ურთიერთობისა. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ გავიდა 26 საუკუნე, მე ვფიქრობ, რომ ეს მთლად სწორი არ უნდა იყოს. საქართველოში ჩამოვიდა ებრაელი ერი, როცა ნაბუქოდონოსორის დროს დევნა იყო. ებრაელები არ ჩამოვიდოდნენ უცნობ ქვეყანაში. ებრაელები ჩამოვიდნენ თავის ძმებთან, თავის ნაცნობ ქვეყანაში და ებრაელებმა ჩამოუტანეს საქართველოს ორი დიდი საუნჯე – ჭეშმარიტი სარწმუნოება ერთი ღმერთისა და წმინდა ილია წინასწარმეტყველის შესამოსელი ხალენი. 26 საუკუნის მანძილზე საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი და ეს ჩანს იქიდან, რომ ებრაელები, როგორც ჩამოვიდნენ ერთი ღმერთის მორწმუნე ხალხი, ისევე დარჩნენ დღემდე. დღეს ებრაელები ბრუნდებიან ისრაელში, ისინი ბრუნდებიან ყველაზე მორწმუნე ადამიანები და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ურთიერთობას ქართველებსა და ებრაელებს შორის", - თქვა პატრიარქმა.

კომენტარები