სოფელი მოხე

რელიგიის სააგენტო: მუსლიმებს მოხეს მეჩეთის საკითხზე ოფიციალურად არ მოუმართავთ

radiotavisupleba.ge

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში დღეს განვითარებული მოვლენების გამო წუხილს გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს მტკიცებით, "ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს მუსლიმურ თემს ამ პრობლემასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის ოფიციალურად დღემდე არ მოუმართავს". მათი ინფორმაციით, სააგენტოში შევიდა მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის თაობაზე.

"საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის დეტალურად შესწავლა, რისთვისაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოზიციააა, რომ სახელმწიფოში თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველა რელიგიური გაერთიანების უფლება და მაქსიმალურად გათვალისწინებული თითოეულის ინტერესი. რადგან აღნიშნული ძეგლის წარმომავლობა და კუთვნილება გახდა დავის საგანი ადგილობრივ ქრისტიანულ და მუსლიმ მოსახლეობას შორის, საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ კვლევასა და შესაბამისად ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიაჩნია, რომ პრობლემა უნდა მოგვარდეს კონსენსუსის საფუძველზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და მოუწოდებს მათ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერება, რათა პროცესების ესკალაციამ არ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები", - ნათქვამია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ როგორც ჭელას იმამმა ჯამბულ აბულაძემ დღეს ტაბულას ეთერში თქვა, მუსლიმი თემის წარმომადგენლები თვეების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ რელიგიის სააგენტოს ხელმძღანელთან შეხვედრას.

ცნობისთვის, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის შენობასთან რამდენიმე ათეული სამართალდამცველია მობილიზებული. ისინი ცოცხალი ჯაჭვით იცავენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სამუშაოებს, რომელმაც წარსულში მუსლიმური თემის კუთვნილი საკულტო ნაგებობა უნდა დაანგრიოს და იმავე ადგილას კულტურის ცენტრი ააშენოს. ამ დროისთვის შენობის დასუფთავება მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, შესაძლოა მალე დემონტაჟიც დაიწყონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ მოხეში პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას 14 პირი დააკავეს, აქედან 3 პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის (სისხლის სამართლის კოდექსი), ხოლო 11 წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი).

ადგილობრივმა მცხოვრებმა ოთარგ გორგაძემ ტაბულას განუცხადა, რომ პოლიციამ მამაკაცს შეაგინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, სასტიკად ნაცემია რამდენიმე ადამიანი. გორგოძე ტაბულას უყვება, რომ სამართალდამცველებმა მოქალაქეებს, რომლებიც ინციდენტს იღებდნენ, მობილური ტელეფონები ჩამოართვა და დაუმტვრია.

დღეს მთავრობის კანცელარიაში სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, ჭელის იმამი ჯამბულ აბულაძე და სამცხე-ჯავახეთის მუსლიმური თემის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მუსლიმები უკმაყოფილებას გამოხატავენ რელიგიის სააგენტოსა და პრემიერმინისტრის მიმართ. მათი თქმით, ისინი ვერ იგებენ რა ფუნქცია აქვს აღნიშნულ სააგენტოს და რატომ იტყუება პრემიერი.  რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელმა ვლადიმერ ნარსიამ კი, ტაბულას განუცხადა, რომ სახელმწიფო კანონის შესაბამისად მოქმედებს, ხოლო დაკავებულები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ. 

კომენტარები