მოხის მეჩეთი

ომბუდსმენი ადიგენის გამგეობას მოუწოდებს, შეაჩეროს მეჩეთის შენობის დემონტაჟი

news.ge

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოფელ მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის და დღეს დაკავებულ პირთა საქმეების სასამართლოში განხილვას მონიტორინგს გაუწევს. უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას, "საკითხის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეაჩეროს შენობის დემონტაჟი". მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, ყველა მსგავსი საკითხი, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოსახლეობის და განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობით განიხილონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. 

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია სოფელ ჭელის მეჩეთის წინამძღვრის განცხადება, რომლის მიხედვით 20 ოქტომბერს, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მუსლიმებს შორის სოფელ მოხეს მეჩეთთან დაკავშირებულ საკითზე გამართულ შეხვედრაზე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მუსლიმებს დაემუქრა, არ მოისმინა მათი პოზიცია და განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და კულტურის სახლი მაინც გაიხსნება. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული თანასწორუფლებიანობის და რელიგიის თავისუფლების პრინციპების დაცვით.  საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის სადავო შენობასთან დაკავშირებულ საკითხებს და მონიტორინგს გაუწევს დღეს დაკავებულ პირთა საქმეების სასამართლოში განხილვას" , - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის აპარატი წლებია საუბრობს სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების საკითხის მოგვარების საჭიროებაზე, მათ შორის სოფელ მოხეში მდებარე ისტორიული მეჩეთის საკითხზე. 

"როგორც 2013, ასევე 2014 წელს ადგილი ჰქონდა მუსლიმთა უფლებების დარღვევის არაერთ შემთხვევას, რაც საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში დეტალურად არის განხილული. სოფელ მოხეში მომხდარი ფაქტი კვლავ ქმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფრთხეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის შენობასთან რამდენიმე ათეული სამართალდამცველია მობილიზებული. ისინი ცოცხალი ჯაჭვით იცავენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სამუშაოებს, რომელმაც წარსულში მუსლიმური თემის კუთვნილი საკულტო ნაგებობა უნდა დაანგრიოს და იმავე ადგილას კულტურის ცენტრი ააშენოს. ამ დროისთვის შენობის დასუფთავება მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, შესაძლოა მალე დემონტაჟიც დაიწყონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ მოხეში პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას 14 პირი დააკავეს, აქედან 3 პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის (სისხლის სამართლის კოდექსი), ხოლო 11 წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი).

ადგილობრივმა მცხოვრებმა ოთარგ გორგაძემ ტაბულას განუცხადა, რომ პოლიციამ მამაკაცს შეაგინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, სასტიკად ნაცემია რამდენიმე ადამიანი. გორგოძე ტაბულას უყვება, რომ სამართალდამცველებმა მოქალაქეებს, რომლებიც ინციდენტს იღებდნენ, მობილური ტელეფონები ჩამოართვა და დაუმტვრია.

დღეს მთავრობის კანცელარიაში სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, ჭელის იმამი ჯამბულ აბულაძე და სამცხე-ჯავახეთის მუსლიმური თემის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მუსლიმები უკმაყოფილებას გამოხატავენ რელიგიის სააგენტოსა და პრემიერმინისტრის მიმართ. მათი თქმით, ისინი ვერ იგებენ რა ფუნქცია აქვს აღნიშნულ სააგენტოს და რატომ იტყუება პრემიერი. რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელმა ვლადიმერ ნარსიამ კი, ტაბულას განუცხადა, რომ სახელმწიფო კანონის შესაბამისად მოქმედებს, ხოლო დაკავებულები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ. 

ამასთან, როგორც ჭელას იმამმა ჯამბულ აბულაძემ ტაბულას ეთერში განაცხადა, ქართველი მუსლიმები შეხვდნენ ახალციხის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძესაც, რომელიც მისი თქმით, ჭელას მინარეთის დემონტაჟის დროს იყო უსაფრთხოების სამსახურში, მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდა და "სწორედ მისი ინიციატივა იყო მინარეთთან განვითარებული მოვლენები". იმამის განცხადებით, მაჭუტაძესთან შეხვედრას ოთხ თვეს ითხოვდნენ, თუმცა, მასთან შეხვედრა "უბრალოდ ქურდულ გარჩევას ჰგავდა და გვესაუბრებოდა ჟარგონებით". 

ფოკუსის კითხვაზე, იყო თუ არა გუბერნატორის მხრიდან ზეწოლა, აბულაძეს პასუხობს - "რა თქმა უნდა". მისი ინფორმაციით, "მაჭუტაძემ გვითხრა, ჩვენ როგორც გვინდა, ისე იქნებაო".

კომენტარები