ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

პრემიერი: სამართალმა იზეიმა და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი ღარიბაშვილი
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართალმა იზეიმა. მისივე თქმით, ოპონენტები თუ ისევ იმავე პოზიციაზე რჩებიან, მმართველ გუნდს, ამ შემთხვევაში, ასეთი ტიპის ოპონენტებთან საქმე არ ექნება.

"გუშინ ქართულმა საზოგადოებამ იხილა სასამართლოს გადაწყვეტილებები ძალიან მძიმე საკითხთან დაკავშირებით, ეს იყო ნავთლუღის საქმე, გახმაურებული საქმე, როდესაც მოხდა სამი უდანაშაულო ადამიანის, ახალგაზრდის ჩაცხრილვა პირდაპირი მნიშვნელობით. ეს იყო სისასტიკე, რომელიც გამოვლინდა იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან. საბედნიეროდ, სამართალმა იზეიმა აქ და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ წინა ხელისუფლების დროს - მე არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა აქ ობიექტურობა მოითხოვს, რომ შეფასდეს კიდევ ერთხელ, თუ რასთან გვქონდა საქმე - საქმე გვქონდა მკვლელობებთან, წამებასთან, ადამიანების ტანჯვასთან, გაუპატიურებასთან და ა.შ. კიდევ ერთხელ მე მინდა, შევახსენო ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად თესავენ სტრესს და ქაოსს საზოგადოებაში, ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეს დანაშაულებრივი რეჟიმი და ეს სისტემა, რომელიც ებრძოდა საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარ სახელმწიფოს და ქვეყანას, წარსულს ჩაბარდა. ახლა არის დრო, რომ ჩვენ გავარკვიოთ თუ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ჩვენი ოპონენტები, დგანან, რჩებიან ამავე პოზიციაზე, რჩებიან ამ მწამებლების, მკვლელების დამცველებად, კი ბატონო, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას განვაცხადოთ, რომ ჩვენ, ამ შემთხვევაში, ასეთი ტიპის ოპონენტებთან საქმე არ გვექნება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრი მოსართლისადმი დეპუტატ აკაკი მინაშვილის მესიჯებსაც გამოეხმურა და "ყველას, ვისაც ეხება ეს საკითხი" შესწავლისკენ მოუწოდა.

"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის დეპუტატი მინაშვილი მუქარის და შეურაცხმყოფელ მესიჯებს სწერდა მოსამართლეს, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს არის ყოველგვარად დასაგმობი და მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეხება ეს საკითხი, რომ სათანადოდ შეისწავლონ აღნიშნული საკითხი. სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნავთლუღის ოპერაციის საქმეზე გუშინ სასამართლომ ბაჩო ახალაიას 7.5 წელი მიუსაჯა.

კომენტარები