მოხის მეჩეთი

მუსლიმი თემი პროტესტის ნიშნად შვილებს სკოლაში არ უშვებს

ხულოს მუფთი მოხეში დაკავებული 14 ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს, წინაღმდეგ შემთხვევაში, ის მასშტაბური აქციების მოწყობის პირობას დებს. მუფთი მუსლიმ მორწმუნეებთან ერთად ახალციხეში დღეს ჩავიდა. მათი გათავისუფლების მოთხოვნით პოლიციასთან ადიგენის 11 სოფლის მცხოვრებლები მთელი ღამით იმყოფებოდნენ. ისინი სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩასვლას ითხოვენ. გარდა ამისა, მუსლიმი თემი პროტესტის ნიშნად შვილებს სკოლაში არ უშვებს. აქციაზე დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ.

„მოვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, „შეგვინარჩუნეთ ენა, მამული, სარწმუნოება“, „პატივი ვცეთ დემოკრატიას!“ – სამხრეთის კარიბჭის ცნობით, ამ ტრანსპარანტებით მართავენ მუსლიმები სამხარეო სამმართველოსთან მშვიდობიან მანიფესტაციას.

დაპირისპირება სოფელ მოხეში გუშინ გამწვავდა. ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა იმ შენობის დემონტაჟს აპროტესტებდა, რომელშიც, მათი თქმით, მეჩეთი იყო. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აცხადებს, რომ სოფელ მოხეში მდებარე შენობაში მეჩეთი არასდროს ყოფილა და იქ ბიბლიოთეკა გაკეთდება. 

საბჭოთა ხელისუფლების დროს აღნიშნულ რელიგიურ ჯგუფს მეჩეთი ჩამოერთვა და დღეს ნახევრად დანგრეულია. მუსლიმები აცხადებენ, რომ მათ პრემიერისგან დაპირება მიიღეს, რომ ამ საკითხს შეისწავლიდა და დემონტაჟი არ დაიწყებოდა, თუმცა სამუშაოები გაგრძელდა. მუსლიმური თემი სახელმწიფოსგან წლებია ითხოვს საკულტო შენობის დაბრუნებას.

მოხეთში განვითარებულ პროცესებს დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერი გამოეხმაურა. მისი თქმით, სოფელში მუფთის რეზიდენციის აშენებას ითხოვდნენ და აღნიშნული საკითხი რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს უკვე შესწავლილი აქვს. ღარიბაშვილის თქმით, გადაწყვეტილების თანახმად, მუფთის რეზიდენცია სოფელში მდებარე მეჩეთთან უნდა აშენებულიყო. "მოხეში უკვე არსებობს მეჩეთი და იქ მუსლიმებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ", - აღნიშნა პრემიერმა.

მოხეში განვითარებული მოვლენების გამო წუხილი გამოთქვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ. ამ თემასთან დაკავშირებით, სააგენტომ განცხადება გუშინ გვიან ღამით გაავრცელა. სააგენტო მიიჩნევს, რომ პრობლემა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოგვარდეს და დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები