ის, რაც მოხეს მეჩეთთან დაკავშირებით ხდება, არა მარტო სამარცხვინო, არამედ დამღუპველია ჩვენი ქვეყნისათვის.

მოხეს ამბით გრძელდება ჩვენს ქვეყანაში მუსლიმთა უფლებების დარღვევა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს მუსლიმ დებსა და ძმებს ამცირებენ, მათ სიწმინდეებს ხელყოფენ და მათ მიმართ რელიგიურ შუღლს აღვივებენ.

თავზარდამცემი ის არის, რომ ყოველივე ამას ისინი აკეთებენ, ვისაც ჩვენს ქვეყანაზე და მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა ავალია და ამაში ჯამაგირებს იღებენ!

ჩემთვის პატივია პირადად ვიცნობდე სამცხე-ჯავახეთის მუფთს, მამუკა ვაშაყმაძეს და ჭელის მეჩეთის წინამძღოლს, ჯამბულ აბულაძეს. ისინი არიან შესანიშნავი ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით ღმერთისა და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობა. გული ტკივილით მეკუმშება, როცა მესმის, როგორ უსულგულობას იჩენენ მათ მიმართ ისინი, ვინც, წესით, მათ რჩევასა და მოთხოვნას ყურს უნდა უგდებდეს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ როგორც ეს ადამიანები, ისე მთელი მათი მრევლი ამდენი ხანია მოთმინებით ელის, როდის აგვეხილება დავსილი თვალები და დავინახავთ, რომ ჩვენი მუსლიმი თემი საქართველოსთვის საფრთხე კი არ არის, არამედ საგანძური, რომელსაც ვერ ვაფასებთ და ვერ ვუფრთხილდებით.

რატომ არ ვაძლევთ ჩვენს მუსლიმებს უფლებას, რომ თავიანთი სიწმინდეები დაიბრუნონ? უმრავლესობის რელიგიას ასე მოვექცეოდით? ასე აბუჩად აიგდებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უმრავლესობის რელიგიის წარმომადგენლებს?

ჩვენს ქვეყანაში, ჩვენივე სიბრიყვით, უკვე კარგა ხანია ვამკვიდრებთ უმცირესობის და სუსტის ჩაგვრის კუტურას: ხან ოსები დავჩაგრეთ, ხან აზერბაიჯანელები, ხან იეღოველები, ხან სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები... სუსტის დევნა პირველ რიგში ძლიერს ანადგურებს და ადამიანობისგან ძარცვავს.

ჩვენ მიერ არჩეულ ხელისუფლებას მივმართავ, რომ ხელი აიღოს მოხეს მეჩეთის განადგურების გეგმაზე (კორექტულობისთვის დემონტაჟს რომ ეძახიან) და გაათავისუფლოს ის ადამიანები, ვინც თავიანთი რელიგიური სიწმიდეების დაცვის გამო ჰყავს დაპატიმრებული.

ჩემს მუსლიმ დებსა და ძმებს კი ვთხოვ, გვაპატიონ ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ მათ წინააღმდეგ. ვთხოვ ჩემს ძმებს მამუკა ვაშაყმაძესა და ჯამბულ აბულაძეს, ასევე მათ შესანიშნავ მრევლს, მე მაპატიონ ყოველივე ის დამცირება და შეურცხყოფა, რასაც ისინი განიცდიან ახლა. მინდა დავიჯერო, რომ ამ ქვეყანაში სამართალი ოდესმე შეჭამს პურს და ჩვენს მოქალაქეებს თვალში ნაცარს აღარ შეაყრიან.

ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი

კომენტარები