მიხეილ სააკაშვილის განცხადება

სააკაშვილი: მერკელმა მითხრა, რომ დღემდე აფხაზეთის ანექსიის საკითხზე არ სმენია

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე მოხსენებით გამოვიდა, რომელსაც ევროკომისიის მოქმედი და მომავალი ხელმძღვანელობა, გერმანიის კანცლერი და რამდენიმე წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ლიდერები ესწრებოდნენ. მისი თქმით, გაირკვა, რომ ევროკავშირის ლიდერების პუტინთან შეხვედრისას, საქართველოს საკითხი, პრაქტიკულად, არ წამოჭრილა. მიხეილ სააკაშვილი გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან მისი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

"მე ბევრი ვისაუბრე აფხაზეთზე და იმ საკითხებზე, რაც ეხება საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ნაწილებად გაგლეჯის, ტერიტორიების ჩამოგლეჯის, წართმევის ძალიან თავხედურ მცდელობას, რომელიც ამ დღეებში ხორციელდება. დადგინდა, რომ ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკავშირის ლიდერები მრავალი საათის განმავლობაში პუტინთან განიხილავდნენ რეგიონში შექმნილ სიტუაციას, როგორც ახლა ირკვევა, განიხილეს მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვას საკითხი და საქართველოს საკითხი, პრაქტიკულად, არ წამოჭრილა. შემდეგ ცალკე ვესაუბრე აქვე გერმანიის კანცლერ მერკელს, ევროპის მთავარ ლიდერს. ჩემდა სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, მან მითხრა, რომ აქამდე, დღევანდელ ჩემს საუბრამდე, მას პირადად არაფერი სმენია აფხაზეთში რუსულ გეგმებზე, აფხაზეთის ანექსიის საკითხზე. მან მთხოვა, რომ დავუკავშირდეთ მის კანცელარიას სასწრაფოდ. მე ამ თხოვნას გადავცემ საქართველოს მთავრობას და ვსვამ კითხვას? აქამდე რას აკეთებდნენ და რატომ არ დაუკავშირდნენ? აქამდე რატომ არ დასვეს ეს საკითხი ასეთ უმაღლეს დონეზე? ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა შეიძლება ,ხდებოდეს? ნუთუ უცხოურ პრესაში სტატიების გამოქვეყნება, სადაც მე გამლანძღავენ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ რუსეთი აკეთებს ათჯერ უფრო მეტს, ვიდრე 2008-ში, თან ყოველგვარი ბრძოლის, ჩვენი მხრიდან გაბრძოლების, წინააღმდეგობის გარეშე, ისე, რომ ამის შესახებ, პრაქტიკულად, არავინ არაფერი იცის და არავის გაუგია. მე ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიღვიძოს, თუ კიდევ გვიან არ არის, რადგან საქართველოს მრავალი თაობის ბედი წყდება, საქართველოს ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება",-აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

კომენტარები