ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფანჯიკიძე: თუ ენმ ფიქრობს, რომ საჩივლელად არის საქმე, მაშინ იჩივლონ

"თუკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს, რომ საჩივლელად არის საქმე, მაშინ, რასაკვირველია, მათ უნდა შეიტანონ საჩივარი სასამართლოში", - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენმ-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს უჩივიან. 

როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, სასამართლო გაარკვევს ყველაფერს, ვინ რა დააშავა იმ კონკრეტულ შემთხვევაში.

ცნობისთვის, 19 ივნისს,საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საპარლამენტო უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ "დეპუტატებს არადეკლარირებული თანხა ჰქონდათ". თავად ზურაბ ჯაფარიძემ და ირმა ნადირაშვილმა უარყვეს დაკავების ფაქტი. ჯაფარიძის ვარაუდით, ქართული სპეცსამსახურები იმ პირებს უსმენდნენ, ვისაც დეპუტატი თბილისში ირმა ნადირაშვილის ვაიბერის საშუალებით უკავშირდებოდა.

საქართველოს ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ მაშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი "აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს".

ამასთან, ორი დღის წინ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ნაციონალური მოძრაობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადება საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ეთიკის ქარტიის სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ სააგენტომ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რაც გულისხმობს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

კომენტარები