2008 წლის აგვისტოს ომი

მარგველაშვილი: პატარა შეცდომები არ უნდა გახდეს სხვა ქვეყნის ოკუპაციის მიზეზი

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, შესაძლოა, 2008 წელს იყო შეცდომები, თუმცა ეს არ აძლევდა რუსეთს ლეგიტიმაციას, საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტის დროს, მშვიდობის ფონდში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობას ეხებოდა.

"ბუნებრივია, შესაძლოა, იყო რაღაც შეცდომები, დაკავშირებული ყოფილ პრეზიდენტთან ან მთავრობასთან და ეს ყოველთვის ხდება ომის პირობებში – ყოველთვის არის ასეთი სირთულეები, მაგრამ ნება მიბოძეთ, გამოვყო მარტივი ჭეშმარიტება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიებია, საქართველო ვერ გამოუცხადებს ომს რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე. ეს არის მარტივი ლოგიკის წინააღმდეგ - შენ ვერ გამოუცხადებ ომს შენს საკუთარ ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს. ასე რომ, შესაძლოა, იყო დაშვებული რაღაც შეცდომები, მაგრამ ეს შეცდომები არ აძლევს ლეგიტიმაციას ჩემი ქვეყნის ოკუპაციას და ეს შეცდომები არ აძლევს ლეგიტიმაციას იმ ფაქტს, რომ ეს ორი კვაზისახელმწიფო შეექმნა რუსეთს. ასე რომ, ნებისმიერი ომის და კონფლიქტის შემთხვევაში არსებობენ მხარეები, რომლებიც უშვებენ შეცდომას, მაგრამ ეს ადგილობრივი, პატარა შეცდომები არ უნდა გახდეს სხვა ქვეყნის ოკუპაციისა და ანექსიის მიზეზი. ეს არის ჩემი პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა 2008 წელს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

სასაკავას ფონდში გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზეც ისაუბრა. პრეზიდენტის განმარტებით, საქართველო არ უყურებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გადაჭრის საშუალებას. 

"როდესაც მე ვხედავ NATO-ს და ევროკავშირის გაფართოებას, მე ასევე ვხედავ ძალიან მშვიდობიან პარტნიორობას რუსეთსა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს შორის. მათ ასევე აქვთ სპეციალური ფორმატი რუსეთთან ურთიერთობებისთვის, თუმცა უეცრად ეს საკითხები გახდა მწვავე, პრობლემური საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჭრილში. ეს არ არის რუსეთ-ევროკავშირისა და რუსეთ-NATO-ს ურთიერთობების გამო, ეს არის გაცხადებული პრივილეგირებული ინტერესების ზონის არსებობის თეორიის გამო, რომელიც განსაზღვრავს, რომ რუსეთს აქვს სპეციალური უფლებები, ინტერესები და შესაძლებლობები თავის მეზობლებთან მიმართებაში. ეს არის მთავარი პრობლემა – მეზობლებთან დამოკიდებულების პრობლემა", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები