მოხის მეჩეთი

მეუფე თეოდორე ჭუაძე მოხის მეჩეთის საპატრიარქოსთვის გადაცემას მოითხოვს

პატრიარქის ქორეპისკოპოსი და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე მოხის ძველი მეჩეთის შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას მოითხოვს. მღვდელმთავარი ამტკიცებს, რომ ამ ადგილას მუსლიმური სალოცავი არასდროს ყოფილა. მისივე თქმით, დაპირისპირების საგნად ქცეულ ტერიტორიაზე, 1595 წელს მართლმადიდებლური მონასტერი ფუნქციონირებდა.

"გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში, 1595 წლისთვის, მოხსენიებულია ზემო და ქვემო მოხე, სადაც დასახლებულები ყოფილან ეთნიკურად ქართველები. ორივე მოხეს ჰქონია თავისი მართლმადიდებლური ეკლესია. სწორედ იმ ადგილას, რომელი შენობაც სადავო გახდა, სამონასტრო კომპლექსი ფუნქციონირებდა. 1920-იან წლებში კი, ამიერკავკასიის ფედერაციის დროს, ახალციხის მაზრის მმართველის გადაწყვეტილებით, დაწყებულა ეკლესიების ნგრევა და მეჩეთების მშენებლობა. თუმცა ამ ადგილას არც მეჩეთის მშენებლობა არ დასრულებულა და, შესაბამისად, მოქმედი მუსლიმური სალოცავი ამ ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა", - აცხადებს პატრიარქის ქორეპისკოპოსი და აღნიშნავს, რომ "მიზანშეწონილი იქნება შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემა".

საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან, ეს პირველი მოთხოვნაა მოხის ძველი მეჩეთის გადაცემასთან დაკავშირებით. 

კომენტარები