პრეზიდენტის ვიზიტი ბელგიაში

საელჩო: პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლის მიზეზად უშიშროების საბჭოს სხდომა მივუთითეთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბელგიის სამეფოში ვიზიტის გაუქმების შესახებ, ბელგიაში საქართველოს საელჩოს განმარტებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 18 ოქტომბერს მიიღეს წერილი, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის გამო, გიორგი მარგველაშვილი ბელგიაში ვერ გაემგზავრებოდა. ბელგიაში საქართველოს საელჩო აღნიშნავს, რომ სწორედ ამის შესახებ აცნობეს ნოტით ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში აღარ გაემგზავრება. მას ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, 28 ოქტომბერს დაგეგმილ კონფერენციაში უნდა მიეღო მონაწილეობა. კონფერენციის გაუქმების შესახებ შეტყობინებები სხვა მონაწილეებმა მიიღეს. გაუქმების მიზეზად საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისია დასახელებული.

"საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი მიწვეული იყო ბელგიის სამეფოში, პირველი მსოფლიო ომის 100 წლის ხსოვნისადმი მიძღვნილ, 28 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 18 ოქტომბერს მიღებულ წერილზე დაყრდნობით, საქართველოს საელჩომ ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტით აცნობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმების შესახებ. კერძოდ, ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საელჩოს ნოტაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ მიიღებს მონაწილეობას ბელგიის სამეფოში პირველი მსოფლიო ომის 100 წლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა 28 ოქტომბერს მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონთან "მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების" ინიცირებასთან დაკავშირებული საფრთხეების განხილვის მიზნით. ასევე, ანალოგიური ინფორმაცია მიეწოდა ლუვენის უნივერსიტეტს, სადაც დაგეგმილი იყო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ზემოაღნიშნული წარმოადგენს საელჩოს მიერ გავრცელებულ ერთადერთ ინფორმაციას, რომელიც ეცნობა ბელგიურ მხარეს - როგორც ოფიციალურ, ისე აკადემიურ წრეს. დამატებითი შეფასებები პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმების შესახებ საელჩოს მხრიდან არ გაკეთებულა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები