ენმ-ს აქცია

15 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისში აქციას გამართავს

15 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისში აქციას გეგმავს - ამის შესახებ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

„ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის ღია, თავხედური და პრაქტიკულად დე-იურე ანექსიის მცდელობა და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში - ჩვენ გადავწყვიტეთ 15 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოვაწყოთ საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც იქნება როგორც ხმის მიწვდენა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რომ საქართველო არასოდეს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, საქართველოს მიწა-წყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს და არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია-ანექსიას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციასა  და თითოეულ მოქალაქეს ვინც იზიარებს ჩვენს შეშფოთებას საქართველოს უსაფრთხოებასა და რუსეთთან მიმართებაში წარმოებული კაპიტულანტური პოლიტიკის გამო, შემოუერთდნენ ამ აქციას და ვაცხადებთ მზადყოფნას დავიწყოთ კონსულტაიცები ყველასთან 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები