გამოძიება 315-ე მუხლით

შსს საკუთარი მინისტრის განცხადებას უარყოფს

ტაბულას მიერ მოპოვებულ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც შსს საერთაშორისო საზოგადოებას კულუარულად არწმუნებს, რომ ენმ-ის მიმართ გამოძიება არ დაუწყია, დღეს უწყებაში ტაბულას მხოლოდ ის უთხრეს, რომ გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, თუმცა არა კონკრეტული ორგანიზაციის ან პირების წინააღმდეგ.

გაზეთ ალიასთან ინტერვიუში ალექსანდრე ჭიკაიძემ თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს გეგმავს. მისი განცხადებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. ჭიკაიძის ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიდინარეობს გამოძიება. მისი თქმით, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერ დავკონკრეტდები".

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ 15 ოქტომბერს გადაცემა არჩევანში შს მინისტრის ინტერვიუ მოიხმო და განაცხადა, რომ შსს აწარმოებს გამოძიებას სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

შსს უარს ამბობს სხვა დამატებითი კომენტარების გაკეთებაზე. შესაბამისად, უპასუხოდ რჩება კითხვა, თუ რატომ დაანონსდა წინასწარ ნაციონალური მოძრაობა გამოძიების ობიექტად. ასევე უცნობია სამინისტროს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გაიგზავნა ეს წერილები დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან და ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ შს მინისტრისა და პრემიერმინისტრის განცხადებებმა დასავლეთში კითხვები გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ შსს საერთაშორისო საზოგადოებას კულუარულად არწმუნებს, რომ ენმ-ის მიმართ გამოძება არ დაუწყია. წერილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს გაუგზავნა, ტაბულას ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. წერილი შსს-ს მიერ არ გასაჯაროებულა.

კომენტარები