უკრაინის კრიზისი

ტურჩინოვი: ჯონ კერი გვთხოვდა, ყირიმში არ გვესროლა

ria.ru

უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი სპიკერი, 2014 წლის თებერვალ-მაისში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი აცხადებს, რომ ყირიმში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ აშშ უკრაინის ხელისუფლებას სთხოვდა, აგრესორისთვის სამხედრო პასუხი არ გაეცა.

„მახსოვს ჩემი საუბარი ტელეფონით სახელმწიფო მდივან კერისთან. მე ვუხსნიდი, რომ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია მიმდინარეობდა, რომ რეალურად ომი მიდიოდა. მან კი მითხრა: დაიცადეთ, მოდით ჩვენ გავარკვევთ, მოვიწვევთ ექსპერტებს. ძალიან გთხოვთ, არ ისროლოთ. ხომ გესმით, რომ რუსები მხოლოდ პროვოკაციას ელოდებიან, ელოდებიან გასროლას, რომ აფხაზეთის ან ოსეთის სცენარი გაათამაშონ. ძალიან გთხოვთ გაუძელით. მან თქვა, რომ, მისი მონაცემებით, ეს ლოკალური პრობლემაა", - განაცხადა ტურჩონოვმა უკრაინული სააგენტო Цензор.НЕТ-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.

ტურჩინოვის თქმით, მან კერის ინფორმაცია მოაწოდა იმის შესახებ, რომ, რუსეთის ფედერაციის საბჭომ ხელისუფლებას უკრაინაში ჯარების შეყვანის ნება დართო. რაზეც კერიმ განაცხადა, რომ "ეს შეუძლებელია", ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია და ამ საკითხზე პრეზიდენტს უნდა მოეთათბიროს, რის შემდეგაც საუბარი შეწყდა.

კომენტარები