მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: „თვითგამორკვევის“ ხსენებით ერთი ხელის გაკვრით ჩამოინგრა ყველაფერი

radiotavisupleba.ge

„საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ლიდერმა გამოაცხადა, რომ თურმე აფხაზები აწარმოებდნენ 25 წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მე შეგახსენებთ ისტორიას. როცა 25 წლის წინ აფხაზმა სეპარატისტებმა ძალადობრივი ბრძოლა დაიწყეს საქართველოდან გამოყოფის მიზნით... როცა სოხუმში მოკლეს ეროვნული მოძრაობის გამოჩენილი წევრი ვეკუა. მოკლეს ათობით სხვა ადამიანი...ეს გაგრძელდა 92, 93 წლებში რუსეთის აქტიური ჩარევით. როდესაც ათიათასობით ქართველი მოკლეს და როცა გამოაძევეს 500 ათასი ქართველი", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „ჩემს დიდ ბაბუას დომენტი ალასანიას ეშერაში ჰქონდა სახლი. ახლა იმ სახლში ზის აფხაზი ან ვინმე ჩრდილოეთ კავკასიელი და ის ახლა თვითგამორკვევას აწარმოებს ბაბუაჩემის სახლში? აგერ მთელი საღამო ვისაუბრე მამა მიქაელ ასათიანთან. ეს არის ნუცუბიძის ეკლესიის წინამძღვარი. დაიბადა ოჩამჩირეში და მერე ჩავიდა სოხუმში. მისი წინაპრებიც ცხოვრობდნენ აფხაზეთში. და მის სახლში ახლა ცხოვრობს ვინმე ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული ადამიანები და ისინი აწარმოებენ თვითგამორკვევას?"

კითხვაზე იმის შესახებ, პრემიერმინისტრის მხრიდან ასე მოხსენიება იყო წამოცდენა, შეცდომა თუ პოლიტიკური ვექტორის ცვლილება, სააკაშვილმა უპასუხა: „ბევრი გვეუბნება რომ ბრიყვია და ყურადღებას ნუ მიაქცევთო. მაგრამ ფასი ერთი და იგივეა, რომელსაც გადაიხდის საქართველო..."

„ჩვენ ბევრი წელი დაგვჭირდა და ძლივს მივაღწიეთ, რომ საერთაშორისო ტერმინები დაგვემკვიდრებინა. ჯერ იყო სეპარატიზმი, მერე ეთნიკური წმენდა. .... ჩვენ მივაღწიეთ იმას რომ 2012 წლამდე ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდა საერთაშორისო დისკურსში. და ოკუპაცია ნიშნავს ,რომ როგორი განვითარებაც არ უნდა იყოს აფხაზეთში, ეს ტერიტორია უნდა დაუბრუნდეს საქართველოს. ჩვენ მოვკალით აღიარებების პროცესი. რუსეთს 2–3 აღიარების მერე ისეთი ამბავი დავაწიეთ ამ პატარა საქართველომ, რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრების დახმარებით, რომ ეს პროცესი შეჩერდა. პატარა ქვეყნისთვის სამართლებრივი ბრძოლა არის ყველაფერი. სტრასბურგში მოვიგეთ ერთი დიდი ბრძოლა და ახლა პრაქტიკულად ვიგებთ დიდ ბრძოლას ჰააგაში. აი ამ ყველაფრის ფონზე, როცა ეს ყველაფერი აგურ- აგურ ვაშენეთ და ერთი ხელის გაკვრით ჩამოინგრა ეს ყველაფერი...", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, როცა შემოგაქვს ტერმინი თვითგამორკვევა, რომლის მეშვეობითაც დამოუკიდებლობა აფრიკისა და ოკეანიის ქვეყნებმა მოიპოვეს, „რუსეთი მივა აფრიკის ქვეყნებთან და ეტყვის, რომ რა გინდათ ხალხო, აგერ თვითონ ქართველებმა აღიარეს რომ ეს არის თვითგამორკვევა".

„როცა რუსეთი ჩამოიშლება და დიდი ქვეყნები დასხდებიან გადასანაწილებლად, და როცა აფხაზეთზე მიდგება საქმე, იტყვიან, რომ მოიცათ, ხალხო, განა თქვენმა მთავრობამ არ თქვა რომ ეს არის თვითგამორკვევაო?" - აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები