რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

აბაშიძე: რეგულარული რეისები ჩარტერულზე უკეთესია

ზურაბ აბაშიძე

რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული რეისები ჩარტერულზე გაცილებით უკეთესია - განაცხადა პრემიერის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. მან კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელსუფლებამ რუსული ავიაკომპანიები საქართველოს ბაზარზე ქვეყნისთვის კაბალური პირობებით შემოუშვა.

რუსთავი 2-თან საუბრისას აბაშიძემ აღნიშნა, რომ რეგულარული რეისების აღდგენაზე მოლაპარაკება ერთ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. „თუ არ იყო საჭირო რუსეთის მიმართულებით ფრენა, მაშინ არ უნდა დაგვეწყო ეს ჩარტერული რეისები 2009 წლიდან წინა ხელისუფლების დროს და ვივლიდით ფეხით, ვისაც დასჭირდებოდა. რა საჭირო იყო?! მაგრამ როგორც ჩანს მაინც არის საჭირო 21-ე საუკუნეში ავიამიმოსვლა. ამიტომ ეხლა შეთანხმება ასეთია, რომ ჩარტერული რეისების მაგივრად იფრენს რეგულარული რეისები, და 7 რეისის ნაცვლად თითო მხრიდან იქნება მეტი. ადამიანის ბუნება ასეთია, რასაც თვითონ ვერ გააკეთებს მერე სწყინს, რომ სხვა აკეთებს და იმას აბრალებს ხოლმე შენს შეცდომებს და გაცილებით კიდევ მეტს, ვიდრე შეცდომას. მე მგონი ამ შემთხევავშიც ამასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები