მოხის მეჩეთი

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო: მოხეში მცხოვრებთა მოთხოვნები სამართლიანია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო საქართველოში მუსლიმების მიმართ არსებულ პოლიტიკას გმობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს. უხუცესთა საბჭოს განცხადებას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმების მოთხოვნა, რომ სოფელში მეჩეთი აღადგინონ, სრულიად სამართლიანია.

„პანკისის უხუცესები და მართლმორწმუნე მუსლიმები, ე.წ. ტრადიციული ისლამის მიმდევრები ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე რელიგიურ მიკროკონფლიქტებს და შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს კონსტიტუციით მორწმუნეთათვის მინიჭებული სინდისის უფლების ხელყოფაზე. ნიგვზიანის, სამთაწყაროს, წინწყაროს, ჭელასა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მიმდინარე მოვლენები ჩრდილს აყენებს ქართველი ხალხის ტოლერანტობას. საქართველოში არასოდეს ყოფილა რელიგიური ნიშნით დაპირისპირება, სხვადასხვა ეთნოსის აღმსარებლობის ხალხების მშვიდობიანი თანაარსებობა არ დარღვეულა მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობის გამოხატვისთვის“, - ნათქვამია პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სოფლებში მოძმე მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება, მსოფლიოში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირებების ფონზე, ძალიან საშიშია.

„ჩვენ კარგად გვესმის მოძმე ქართველი მუსლიმების აღშფოთება, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხელს უშლიან სალოცავი ღვთის სახლები-მეჩეთების აღდგენა-მშენებლობას. მიგვაჩნია, რომ მკრეხელობაა ღვთის სახლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლა, რომელ რელიგიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს მორწმუნე. ღმერთი ერთია სამყაროში და მისი ყველა სალოცავი სახლი, სინაგოგა, ეკლესია თუ მეჩეთი. მონოთეისტური რელიგიები - იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი - ერთი ჯაჭვის რგოლებია ერთი ღმერთისგან მოვლენილი. მიგვაჩნია, რომ მოხეში მაცხოვრებელთა მოთხოვნები სამართლიანია და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ მორწმუნეებმა პატივი უნდა სცენ კანონს, უპირველეს ყოვლისა კი, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას თავის მიერ დაწესებული კანონები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობითვე, უხუცესთა საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პანკისელი მართლმორწმუნე მუსლიმები გმობენ მათი ახალგაზრდების მონაწილეობას სირიის საომარ ოპერაციებში. მათი თქმით, "სირიაში მიმდინარე ომი არ არის ჩვენი ომი, არაბებმა თავად უნდა გაარკვიონ თავიანთი პრობლემები სხვა ქვეყნებიდან მოხალისეთა ჩარევის გარეშე“.

ICK-ს ინფორმაციით, განცხადებას ხელს აწერენ პანკისის ხეობის იმამი ომარ ალდამოვი, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე სოლცა ქავთარაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ზელიმხან წუწაშვილი, უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე ზაურ გუმაშვილი, უხუცესთა საბჭოს მდივანი ბექსოლთ ქუშანაშვილი და გამგეობის წევრები: ხასო ხანგოშვილი, აპოლონ გაურგაშვილი, ნიკო ფარეულიძე, ირაკლი მარგოშვილი, პლატონ გუნაშაშვილი, ბაცა წინწალაშვილი და ჰასან ცათიაშვილი.

დაპირისპირება სოფელ მოხეში 22 ოქტომბერს დაიწყო. ადგილობრივმა მუსლიმურმა თემმა მეჩეთის დემონტაჟის დაწყება გააპროტესტა. სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აცხადებდა, რომ სოფელ მოხეში მდებარე შენობაში მეჩეთი არასდროს ყოფილა და იქ ბიბლიოთეკა უნდა განთავსდეს.

მეჩეთი მუსლიმებს საბჭოთა ხელისუფლების დროს ჩამოერთვა და დღეს ნახევრად დანგრეულია. მუსლიმები აცხადებენ, რომ მათ პრემიერისგან დაპირება მიიღეს, რომ ამ საკითხს შეისწავლიდა და დემონტაჟი არ დაიწყებოდა, თუმცა სამუშაოები გაგრძელდა. მუსლიმური თემი სახელმწიფოსგან წლებია ითხოვს საკულტო შენობის დაბრუნებას.

კომენტარები