საპროტესტო აქცია

ენმ-მ აქციის თაობაზე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა

რუსეთის ქმედებებს და რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას ნაციონალური მოძრაობა 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე გააპროტესტებს. ჯერ არ არის ცნობილი, რომელი პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდებიან საპარლამენტო უმცირესობის მოწოდებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან კონსულტაციები გამართა.

როგორც კონსულტაციების შემდეგ გაირკვა, შეხვედრის მონაწილეებისთვის მისაღებია აქციის შინაარსი, თუმცა დასაზუსტებელია, რა სტატუსით იქნებიან აქციაზე წარმოდგენილნი, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები თუ უბრალო მოქალაქეები. საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მომავალი დღეების განმავლობაში გაგრძელდება.

"ჩვენ, როგორც საზოგადოების აქტიური ჯგუფები, ვიზიარებთ იმას თუ როგორი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო რუსეთის აგრესიის პირობებში. ასევე ვიზიარებთ იმ ხედვას, რომ გვყავს აბსულუტურად უმოქმედო ხელისუფლება. ეს არის ვითარება, რომელიც საგანგაშოა და აუცილებელია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის თქმით კი, "15  ნოემბრის აქცია გვინდა, რომ იყოს საყოველთაო და შემოუერთდეს ყველა ის ადამიანი, ვინც იზიარებს იმ შეშფოთებას, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ამ აქციით. კონსულტაციები გვქონდა ათზე მეტ ორგანიზაციასთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს შეშფოთებას. ეს შეთავაზება არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს კრემლთან, მაგალითად, ნინო ბურჯანაძეს".

15 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე თბილისში აქციას გამართავს. ენმ-ის განცხადებით, "ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის ღია, თავხედური და პრაქტიკულად დე იურე ანექსიის მცდელობა და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში - ჩვენ გადავწყვიტეთ, 15 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოვაწყოთ საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც იქნება როგორც ხმის მიწვდენა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რომ საქართველო არასოდეს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, საქართველოს მიწა-წყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს და არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია-ანექსიას".

კომენტარები