დანაშაულის სტატისტიკა

შსს: გასული წლის სექტემბერთან შედარებით, ოჯახში ძალადობის ფაქტები გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, 92.3%-ით გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები. კერძოდ, შსს-ს დეტალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის სექტემბერში აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის სექტემბერში - 50 ფაქტი. ამასთან, უწყების ცნობით, წელს გაიზარდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, თუ გასულ წელს ოჯახში ძალადობის შემთხვევების 76.9% გაიხსნა, 2014 წლის სექტემბერში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 82%-ია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექტემბრის თვის დანაშაულის დეტალური სტატისტიკა დღეს გამოაქვეყნა. შსს-ს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, მათ შორის, 150%-ით არის გაზრდილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევები. კერძოდ, 2013 წლის სექტემბრის თვეში ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 276 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის სექტემბერში - 297 შემთხვევა. აქედან, 150%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევები (2013 წელს აღნიშნული დანაშაულის 6 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წელს - 15 შემთხვევა). თუმცა, შსს-ს სტატისტიკით, შემცირდა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტები.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, შემცირდა დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის სექტემბერში ამ კატეგორიის დანაშაულის 90 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის სექტემბერში - 79 ფაქტი. აქედან, 33%-ით (3 შემთხვევა) შემცირდა განზრახ მკვლელობა, 40%-ით (4 შემთხვევა) შემცირდა მკვლელობის მცდელობები, 8%-ით (5 შემთხვევა) შემცირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევები. ამასთან, გასული წლის სექტემბერში დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, წელს კი - ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

კომენტარები