საკვები

ღვინის კომპანიები ღვინის წარმოების შედეგად მიღებულ ჭაჭას ვეღარ გაყიდიან

2014 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში პრემიერის მიერ მიღებული სამთავრობო დადგენილების თანახმად, ღვინის კომპანიებს ეკისრებათ ვალდებულება, მიღებული ჭაჭა გადაამუშავონ ან/და გამოიყენონ. კომპანიები მიღებულ ჭაჭას ვეღარ გაყიდიან. მსგავსი ვალდებულების დაკისრება ღვინის კომპანიების მიმართ წელს პირველად განხორციელდა.

შედეგად წელს ღვინის საწარმოების ნაწილი გამოწნეხილ ჭაჭას ანადგურებდა, ნაწილმა კი კერძო ფირმებთან გააფორმეს ხელშეკრულებები, რომელთაც გამოწნეხილი ჭაჭა ძირითადად რამდენიმე მიმართულებით გამოიყენეს. ასეთი მიმართულებები იყო სასუქი, ხელოვნურ ტბებსა და საგუბარებში თევზების საკვები, ფერმებში ფრინველისა (ინდაური) და წვრილფეხა საქნლის საკვები. ჭაჭა ასევე გამოიყენებოდა არყის გამოსახდელად - ზოგ შემთხვევაში თვითონვე ხდიდნენ, ან გადასცემდნენ კერძო ორგანიზაციებს, რომელთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ეს უკანასკნელნი ვალდებული იყვნენ ჭაჭისგან გამოეხადათ არაყი, - განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის განმარტებით, ეს ღონისძიება მიმართულია უხარისხო ღვინის წარმოების აღმოსაფხვრელად. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც გადამუშავებული ჭაჭის მეორადად გამოყენება ხდებოდა, რის შედეგადაც შაქრისა და წყლის დამატებით მზადდებოდა უხარისხო ღვინო. 

აგულაშვილს მიაჩნია, რომ მთავრობის ეს დადგენილება საწარმოო მასშტაბებით პრაქტიკულად აღმოფხვრის უხარისხო ღვინის წარმოებასა და დისტრიბუციას; ასევე წაახალისებს წიპწის ზეთის წარმოებასა და ჭაჭის ბიოსასუქად გამოყენებას.

ამ ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

კომენტარები