ქალებზე ძალადობა

არა ფობიას: ქალთა მიმართ ძალადობაზე ერთობლივი რეაგირებაა საჭირო

სამოქალაქო პლატფორმაში "არა ფობიას" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებზე როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა ინსტიტუტებისა და მთელი საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის საჭიროებასა და ამ პროცესში ხელისუფლების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, იდენტობა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საფარი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ერთობლივი განცხადებით საქართველოს მთავრობას და ოჯახური ძალადობის უწყებათაშორის კომისიას, პოლიტიკურ პარტიებს, რელიგიურ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს მიმართავენ. ორგანიზაციების შეფასებით, პრობლემა არის არა იმდენად ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ნორმატიული დებულებების არარსებობაში, არამედ მათ ეფექტიან განხორციელებაში. ამიტომ არასამთავრობოები საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მთავრობასთან არსებულ ოჯახური ძალადობის უწყებათაშორის კომისიას მიმართავენ:

"1. ადეკვატურად გააანალიზონ და შეაფასონ ის მიზეზები, რომლებიც კანონმდებლობის პრაქტიკულ იმპლიმენტაციას უშლის ხელს;

2. ხელი შეუწყონ ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად;

3. გაატარონ ქმედითი ღონისძიებები როგორც მოძალადეების მიმართ ეფექტიანი სამართლებრივი დევნის ღონისძიებების გატარების მხრივ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც კანონმდებლობის უგულებელყოფით არასათანადო რეაგირებას ახდენენ ძალადობის ფაქტებზე, რითაც ახალისებენ დაუსჯელობას და ძალადობის მასშტაბების ზრდას;

4. დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ქალის მიმართ გენდერის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების თაობაზე შეტყობინებების და დანაშაულის ფაქტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაში პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოს ინსტიტუციონალური მონაწილეობა. ეს ხელს შეუწყობს დისკრიმინაციული მოტივის სწორად შეფასებას, რაც ხშირად სამართლებრივ პროცესში უგულებელყოფილია;

5. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის აკადემიის კურიკულუმში ინტეგრირებულია პროგრამები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, გენდერულ საკითხებზეა ფოკუსირებული, მნიშვნელოვანია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე პროკურატურამ პერიოდულად განახორციელონ ასეთი პროგრამების მონიტორინგი და შეფასება, რათა განისაზღვროს ახალი საჭიროებები და მოხდეს არსებული მოდულების პერიოდული განახლება;

6. სამართალდამცავთა ტრენინგპროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მნიშვნელოვანია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სასწავლო პროგრამაში ჩართვა, რომელიც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ სამართალდამცავთა პრევენციული და დროული რეაგირების უნარების ამაღლებას უწყობს ხელს".

ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით, მმართველ კოალიციას პრობლემის სიმწვავის გააცნობიერებისკენ მოუწოდებენ. „თავიანთი საჯარო განცხადებებით არ გააღრმაონ სტერეოტიპული მიდგომები ქალისა და მამაკაცის როლების ტრადიციული გაგების შესახებ; ასევე თავი აარიდონ ცალკეული ტრაგიკული შემთხვევების საკამათო ინტერპრეტაციას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რელიგიურ გაერთიანებებს კი, არასამთავრობოების შეფასებით, ამ პრობლემის დაძლევაში პოზიტიური როლის შესრულება შეუძლიათ როგორც საჯარო განცხადებებისას, ასევე ქადაგებების დროს თანასწორობის იდეისა და ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის დაგმობის გზით.

„მისასალმებელია სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის დაგმობა. ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიტიურ გზავნილს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნებოდა“.

მედიას კი, მათი განცხადებით, პროფესიული და სიღრმისეული ინფორმირების გზით საზოგადოების მობილიზება შეუძლია, რათა საზოგადოება ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

"მედია უნდა დაეხმაროს მკითხველს, გაიგოს კონტექსტი ადამიანის უფლებების და სამართლებრივი თვალსაზრისით და თავი აარიდოს ისეთ მცდარ სტერეოტიპულ აღქმას, როგორიცაა “ღირსების დანაშაული”, რადგან ოჯახში ძალადობა დანაშაულია და არა “შიდა ოჯახური საკითხი”. მნიშვნელოვანია, მედიამ არ მოახდინოს მსხვერპლის ან ძალადობას გადარჩენილთა რევიქტიმიზაცია, პატივი სცეს მათ უფლებებს და დანაშაული არა განცალკევებულ ფაქტად, არამედ პროცესის შემადგენელ ნაწილად წარმოაჩინოს. მნიშვნელოვანია, მედია თანმიმდევრული იყოს გაშუქებისას, როგორც სამართლებრივ პროცესზე თვალყურის მიდევნების მხრივ, ასევე პოსტტრავმულ პერიოდთან გამკლავების კუთხითაც“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები