სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის ეროვნული ბანკი 2015 წელს რუბლის გასამყარებლად $50 მილიარდს დახარჯავს

Ilya Pitalev / RIA Novosti

რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის გაცვლითი კურსის ვარდნის შესაჩერებლად მომავალ წელს $50 მილიარდის დახარჯვას აპირებს. ოქტომბრის თვეში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურების შესაჩერებლად უკვე $13 მილიარდი დახარჯა, თუმცა მისი ვარდნის შეჩერება მაინც ვერ შეძლო.

რუსული რუბლის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით გასული წლის განმავლობაში 20%-ით გაუფასურდა. 28 ოქტომბრის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი 42.50 რუსულ რუბლს შეადგენს, რაც მთელი წლის სარეკორდო მაჩვენებელია. გასული ერთი თვის მანძილზე რუბლი 38,5-დან 42,5-მდე ავიდა. 

2014 წლის სექტემბრის მონაცემებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები $454 მილიარდს შეადგენდა, სანქციების დაწესების შემდეგ ქვეყნის რეზერვები დაახლოებით 10% შემცირდა. Itar-Tass-ის ცნობით, რუსულ კომპანიებს 2015 წელს საგარეო ვალის სახით $100 მილიარდის გადახდა მოუწევთ, რაც ქვეყანაში არსებულ ვალუტის რეზერვებზე უარყოფით გავლენას იქონიებს. 

ექსპერტების ვარაუდით, ვალუტის გაცვლითი კურსის ვარდნაზე აღნიშნული $50 მილიარდი მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს. 

რუსეთის სავალუტო რეზერვებზე მნიშვნელოვანი გავლენა ნედლეულის ფასს აქვს, ნავთობის ფასის შემცირება რუსეთის სავალუტო რეზერვებზე უარყოფითად მოქმედებს. რუსეთის ცენტრალური ბანკი ნავთობის ფასის სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება. ნავთობის მინიმალური ფასი, რისთვისაც ცენტრალურ ბანკს შემუშავებული აქვს მოქმედების გეგმა, ერთ ბარელზე $60-ია. 

კომენტარები