დანაშაულის სტატისტიკა

ჯაფარიძე: ჩვენ არ გვჯერა შსს-ს სტატისტიკის

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის არ სჯერა. ჯაფარიძე შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის სექტემბერთან შედარებით, 2014 წლის სექტემბრის თვეში დანაშაულმა 12%-ით დაიკლო.

"ამაზე არაერთხელ გვაქვს განცხადება გაკეთებული. ჩვენ არ გვჯერა შსს-ს სტატისტიკის. ისინი არა მხოლოდ კრიმინალის სტატისტიკას, არამედ სხვა სტატისტიკებსაც აყალბებენ. კრიმინალი ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რასაც თითოეული მოქალაქე გრძნობს", - აცხადებს ჯაფარიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექტემბრის თვის დანაშაულის დეტალური სტატისტიკა დღეს გამოაქვეყნა. შსს-ს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, მათ შორის, 150%-ით არის გაზრდილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, შემცირდა დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის სექტემბერში ამ კატეგორიის დანაშაულის 90 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის სექტემბერში - 79 ფაქტი. აქედან, 33%-ით (3 შემთხვევა) შემცირდა განზრახ მკვლელობა, 40%-ით (4 შემთხვევა) შემცირდა მკვლელობის მცდელობები, 8%-ით (5 შემთხვევა) შემცირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევები. ამასთან, გასული წლის სექტემბერში დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, წელს კი - ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. შსს-მ დანაშაულის დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის სექტემბერში საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულის 1043 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის სექტემბერში - 877. აქედან, 19.8%-ით შემცირდა ქურდობის ფაქტები. შსს-ს ცნობით, გასული წლის სექტემბერში ქურდობის 790 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო წელს - 633.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის დეტალური სტატისტიკის მიხედვითვე, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, ორჯერ შემცირდა ძარცვის შემთხვევები. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, გაზრდილია ყაჩაღობის ფაქტები. გასული წლის სექტემბერში ყაჩაღობის 12 შემთხვევა დაფიქსირდა, 2014 წლის სექტემბერში კი - 17. ასევე, 32%-ით გაიზარდა თაღლითობის ფაქტები. კერძოდ, შსს-ს დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის სექტემბერში აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის 74 შემთხვევა დაფიქსირდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 98 ფაქტი.

კომენტარები