ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმიდინარეობს, რომელსაც პრემიერმინისტრიც ესწრება. სხდომას ასევე ესწრებიან მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები და სპეციალურად მიწვეული სამი კომიტეტის თავმჯდომარე. საზღვარგარეთ ვიზიტების გამო დღეს პრეზიდენტის სასახლეში ვერ მივიდნენ თავდაცვის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ მოკავშირეობის ხელშეკრულებასა და მის თანმდევ საფრთხეებზე მსჯელობენ.  მთავარი მომხსენებლები მაია ფანჯიკიძე და პაატა ზაქარეიშვილი არიან. პრემიერის პრესსამსახურმა უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხსენებული ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმებით. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ საქართველოს პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად, მზადაა მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას დაეთმობა.

აქამდე პრეზიდენტის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს სხდომა მხოლოდ ერთხელ გაიმართა და NATO-ს უელსის სამიტს მიეძღვნა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ სხდომას არ დასწრებია. დღევანდელი უშიშროების საბჭოს სხდომის გამო პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი ჩაიშალა. მარგველაშვილის ნაცვლად ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავრა.

ჯერ კიდევ გუშინ უცნობი იყო, ვინ დაესწრებოდა მთავრობიდან სხდომას. პრეზიდენტს უმრავლესობაში საყვედურობდნენ, რომ სხდომა მოუხერხებელ დროს დანიშნა და თარიღის გადატანასაც სთხოვდნენ. უმრავლესობის მხრიდან კითხვები დაისვა იმაზეც, უნდა განიხილავდეს თუ არა მსგავს საკითხებს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო.

კომენტარები