ოკუპირებული რეგიონები

სესიაშვილი: უნდა ველოდოთ ვითარების გართულებას ცხინვალთან მიმართებაში

ირაკლი სესიაშვილი
facebook.com/irakli.sesiashvili

"უნდა ველოდოთ გარკვეული ვითარების გართულებას ცხინვალთან მიმართებაში, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ ყველა ამ გამოწვევას", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით ე.წ. სამხრეთ ოსეთი ხელს მოაწერს ხელშეკრულებას რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ.

„ცხადია, რომ იმ გეგმას, რითაც დაიწყო რუსეთმა მოქმედება ყირიმში, უკრაინაში და აგრძელებს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოში, ასევე მოლდოვაში, აქვს შემდგომი ეტაპები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რასაც ადგილი აქვს აფხაზეთთან ამ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას. უნდა ველოდოთ გარკვეული ვითრების გართულებას ცხინვალთან მიმართებაში, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ ყველა ამ გამოწვევას" - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ხელს მოაწერს ხელშეკრულებას რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ. დოკუმენტი იმის ანალოგიური იქნება, რომლის გაფორმებასაც მოსკოვი სოხუმთან გეგმავს. სააგენტო ოსრადიოს ცნობით, ამის შესახებ ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

„ხელშეკრულება, რომელიც მზადდება, უფრო ფართო იქნება, ვიდრე აფხაზური ვერსია. ხელშეკრულების ის ვარიანტი, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელმოსაწერად მზადდება, სამხრეთ ოსეთის ხალხის ყველა მისწრაფებას, რუსეთის ფედერაციაში შესვლის სურვილს არ ასახავს", - განაცხადა ბიბილოვმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ამჟამად შემუშავების სტადიაშია და მას ხელი წლის ბოლომდე უნდა მოეწეროს.

კომენტარები