ოკუპირებული ტერიტორიები

მარგველაშვილი: აფხაზობის გადარჩენა მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი

Giorgi Margvelashvili Official

"აფხაზობის გადარჩენა არის საქართველოში. ჩვენთვის ისინი არიან ჩვენი მოძმე ერი. ის ტერტორია რომელზეც ისინი ცხოვრობენ ჩვენი ტერიტორიის მეხუთედია და ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი არიან ქართული სახელმწიფოსი. რუსეთში აფხაზობა არის ზღვაში წვეთი, რომელიც ისე გაქრება, როგორც გამქრალან ათეულობით სხვა ეთნოსები", - საკუთარი პოზიცია გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში მიცემული ინტერვიუს მსვლელობისას დააფიქსირა. 

პრეზიდენტი მიიჩნევს რომ მიუხედავად საკითხის სირთულის და კომპლექსურობისა, რასაც თან სდევს აფხაზებთან დიალოგის სირთულეც, აფხაზობის გადარჩენა მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, მიუხედავად იმ მძიმე წარსულისა, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთს აკავშირებს. 

"ერთმანეთთან დაპირისპირების კვალობაზე ჩვენ ვხდებით მარტივი მსხვერპლი სხვა ძალების. მათ უნდა ჰქონდეთ სრული რწმენა, რომ არავითარი სამხედრო საშიშროება საქართველოდან არ მოდის. ქართული სახელმწიფო არც ერთ ეტაპზე არ მოინდომებს აფხაზეთის და აფხაზობის დაბრუნებას იარაღით. ჩვენ მათ დავიბრუნებთ იმ პოზიტივით, რომელიც არსებობს და იქნება საქართველოში; იმ დემოკრატიული პროცესით და მათ არჩევანი ექნებათ ასეთი - იცხოვრონ იმ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც მათ ექნებათ უვიზო  მიმოსვლა ევროპასთან, სადაც მათ ექნებათ დემოკრატია, სადაც მათი უფლებებიც და იდენტობა იქნება ბევრად უფრო მაღალი ხარისხით დაცული თუ გაიწოვონ დიდ რუსულ სახელმწიფოში. აი ეს არის დღეს მათ წინაშე არჩევანი", - თქვა პრეზიდენტმა. 

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შიდა პოლიტიკური კონტექსტი და რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობა, როდესაც თემა აფხაზეთსა და ცხინვალს ეხება, ნაკლებად აქტუალურია.

კომენტარები