ნაციონალური მოძრაობა

გიგა ბოკერია: 15 ნოემბრის აქცია ქვეყნის ინტერესების დასაცავად ხმის ამაღლებაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებით, 15 ნოემბერს დაგეგმილი აქცია ქვეყნის ინტერესების დასაცავად ხმის ამაღლებაა და აქვთ იმედი, რომ „ეს ხმა იქნება ძალიან მჭახე და მისი იგნორირება იქნება ძალიან რთული“.

ამის შესახებ გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ეს ხმა გაიგოს ხელისუფლებამ, ოკუპანტმა ქვეყანამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, როდესაც გვაქვს ის გამოწვევები, რომლებიც ისტორიულად გვაქვს ბოლო მონაკვეთზე და ასე სწრაფად ვერ გაქრება. მაგრამ გვყავს ხელისუფლება და ოლიგარქი, რომელიც მართავს ქვეყანას, რომელსაც არც სურვილი, არც ნება, არც ხედვა, არც კომპეტენცია გუნდში და არც ღირებულებები არ აქვს, რომ დაიცვას საქართველო ამ ვითარებაში. სწორედ ამიტომ არის პრინციპული, რომ ეს ხმა მათ გაიგონ და ასევე, ეს ხმა გაიგოს ოკუპანტმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ჟურნალისტის კითხვას, ელოდება თუ არა ხალხის მხარდაჭერას აქციაზე, ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი პასუხობს, რომ ეს არის ქვეყნის ინტერესების დასაცავად ხმის ამაღლება და არა კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა.

„ჩვენ გვერდზე ან რომელიმე პოლიტიკური ძალის გვერდზე დადგომაში არ არის საკითხი. ამ ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ხმის ამაღლებაზეა აქ საუბარი და ეს არ გახლავთ უტრირება. ამას ხედავს ის ხალხიც, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ძალიან კრიტიკული შეხედულება რომელიმე პოლიტიკური გუნდის მიმართ. ამას ამ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარები