ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი: რუსეთი ვერ შეაჩერებს ქართულ-ოსურ თუ ქართულ-აფხაზური ურთიერთობებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების საკითხს "საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათი ინფორმირებულობით, ნაკლებად ემოციურად და მეტი გონივრულობით უნდა ვუდგებოდეთ".  მისივე შეფასებით, "ასეთი მეთოდებით" რუსეთი ვერ მოახერხებს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შეჩერებას.

"ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ერთი მხარის განცხადებაა. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ეს მეტყველებს იმაზე, რომ ლაპარაკი მიერთებაზე არ არის, რაზეც ამდენ ხანს იყო ლაპარაკი. თუ ასე შევხედავთ, ეს არის ნაბიჯი უკან და არა წინ. მე მაინც მგონია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათი ინფორმირებულობით, ასეთ საკითხებს ნაკლებად ემოციურად და მეტი გონივრულობით  უნდა ვუდგებოდეთ. ეს სულაც არ უწყობს ხელს რუსეთის პოლიტიკის რეალიზაციას საბოლოო ჯამში. ასეთი მეთოდებით რუსეთი ვერ მოახერხებს ქართულ-ოსურ თუ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შეჩერებას", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ხელს მოაწერს ხელშეკრულებას რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ. დოკუმენტი იმის ანალოგიური იქნება, რომლის გაფორმებასაც მოსკოვი სოხუმთან გეგმავს. ამის შესახებ, სააგენტო ოსრადიოს ცნობით, ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

„ხელშეკრულება, რომელიც მზადდება, უფრო ფართო იქნება, ვიდრე აფხაზური ვერსია. ხელშეკრულების ის ვარიანტი, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელმოსაწერად მზადდება, სამხრეთ ოსეთის ხალხის ყველა მისწრაფებას, რუსეთის ფედერაციაში შესვლის სურვილს არ ასახავს“, - განაცხადა ბიბილოვმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ამჟამად შემუშავების სტადიაშია და მას ხელი წლის ბოლომდე უნდა მოეწეროს.

კომენტარები