კანონიერი ქურდი

შაქრო კალაშოვი რუსეთში ექსტრადირების შემდეგ გაათავისუფლეს

0 კომენტარი

რუსეთში ესპანეთიდან კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის ექსტრადირება მოხდა. ამის შესახებ არაოფიციალურ ინფორმაციას რუსული მედია РЕН ТВ ავრცელებს. კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც შაქრო მალადოის სახელით არის ცნობილი, თვითმფრინავით ესპანეთიდან დაახლოებით დილის 6 საათზე ჩამოიყვანეს.

დომოდედოვოს აეროპორტიდან ის სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. РЕН ТВ-ს წყაროს ინფორმაციით, ოპერატიულ სამსახურებთან გასაუბრების შემდეგ, კალაშოვი გაათავისუფლეს, რადგან რუსულ სამართალდამცავ ორგანოებს მასთან ამ ეტაპზე პრეტენზიები არ გააჩნიათ.

სამჯერ ნასამართლევი შაქრო კალაშოვი მოსკოვში მოკლული კანონიერი ქურდის, დედ ჰასანის (ასლან უსოიანის) კრიმინალური იმპერიის მემკვიდრეა. ხასანის სიკვდილის შემდეგ კალაშოვს რუსეთის ნომერ პირველ კანონიერ ქურდს უწოდებენ.

2006 წელს საქართველოს სასამართლომ კალაშოვს კანონიერი ქურდობისა და ადამიანის გატაცებისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ამ პროცესზე კალაშოვს მომავალი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი იცავდა.

იმავე წელს კალაშოვი არაბთა საამიროებში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს, სადაც ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით იძებნებოდა. 2010 წელს ესპანეთის სასამართლომ მას შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა.

2010 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ესპანეთის სასამართლოსგან კალაშოვის საქართველოში ექსტრადირებაზე თანხმობა მიიღო. თუმცა, საბოლოოდ კალაშოვის ექსტრადირება არა საქართველოში, არამედ რუსეთში მოხდა.

კანონიერი ქურდის ყოფილმა ადვოკატმა, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტაბულასთან სატელეფონო საუბარში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

ტაბულა ესაუბრა საქართველოს იუსტიცის მინისტრის ყოფილ მოადგილეს თინა ბურჯალიანს. მისი თქმით, ესპანეთიდან საქართველოში კალაშოვის ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება გადასინჯვას არ ექვემდებარებოდა და მისთვის უცნობია, რატომ მოხვდა კალაშოვი რუსეთში და არა საქართველოში.

ტაბულა შეეცადა ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებას, რაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები