ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის დაგეგმილი აქციის შესახებ უფლებადამცველთა ასოციაციის წევრებს კითხავენ

ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენელს ნიკა მემანიშვილს კითხავენ. ხვალ დაკითხავენ ამავე ასოციაციის წარმომადგენელს ალექსანდრე კობაიძეს, რომელიც დღეს ე.წ მოდულის შენობაში ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა. როგორც შენობიდან გამოსულმა კობაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას გრიფი საიდუმლო დაედო. ამასთან, ნიკა მემანიშვილის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნოემბერში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს და სწორედ ამასთან დაკავშირებით უნდა მიაწოდოს გამომძიებელს ინფორმაცია. 
 
"გუშინ დამიკავშირდა გამომძიებელი და დამიბარეს იმ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც მივეცი სექტემბრის დასაწყისში. ეს ინტერვიუ ეხება ნაციონალური მოძრაობის გეგმებს, კერძოდ იმას, რომ ენმ გეგმავს დესტაბილიზაციის მოწყობას და ამას აპირებს სწორედ 15 ნოემბრის აქციის დროს. საუბარია პოლიციასთან დაპირისპირებასა და სხვადასხვა სახის პროვოკაციებზე. ეს ინფორმაცია მაქვს ნაციონალური მოძრაობისგან. ჩვენ გამოვცხადდით მოდულის შენობაში და გამოძიებას საინტერესო ინფორმაციას მივაწვდით ნაციონალური მოძრაობის გეგმების შესახებ", - განაცხადა მემანიშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვერ იტყვის, თუ რა მტკიცებულებები აქვთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმებთან დაკავშირებით. ამასთან, მემანიშვილის თქმით, ენმ-მ "პროვოკაციები სარფში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს დაგეგმა". მემანიშვილისთვის უცნობია, კონკრეტულად რა კუთხით მიმდინარეობს გამოძიება. 
 
ტაბულამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რომელ საქმეთან დაკავშირებით კითხავენ  ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენლებს. კერძოდ, ეს არის სსკ-ის 315-ე მუხლის ფარგლებში დაწყებული გამოძიება, რაზეც შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია საუბრობდა, თუ მისგან დამოუკიდებლად მიმდინარე საქმე. ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ "ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით". შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. აღსანიშნავია, რომ იზორიამ განცხადება იმის შესახებ, რომ გამოძიება ძალადობრივი ქმედებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობაზე დაიწყო, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ალიაში ინტერვიუს შემდეგ გააკეთა. კერძოდ, ჭიკაიძემ თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს გეგმავს. იზორიას განცხადებით კი, შს მინისტრის ნათქვამი "არის სიმართლე და ეს გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. როგორც კი იქნება შედეგები ამ გამოძიების ფარგლებში, საზოგადოებას აუცილებლად საჯაროდ მოვახსენებთ".
 
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციას გამარტავს. დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის დაგეგმილი აქცია სასაცილოა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციებს გეგმავს. პრემიერის განცხადებით, ენმ აპირებს, "რეგიონებიდან ჩამოიყვანოს გაჭირვებული ადამიანები, მათ 15-15 ლარი დაურიგოს და ერთმანეთი აცემინოს". 
 

ასევე შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით სოდ-ის და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების დაკავების შემდეგ თქვა, რომ მომხდარში ნაციონალური მოძრაობის ხელწერას ხედავდა.

შსს კი, საერთაშორისო საზოგადოებას კულუარულად არწმუნებს, რომ ენმ-ის მიმართ გამოძიება არ დაუწყია. წერილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს გაუგზავნა, ტაბულას ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. წერილი შსს-ს მიერ არ გასაჯაროებულა.

წერილში ვკითხულობთ: “ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შსს-მ დაიწყო სისხლისსამართლებრივი პროცედურები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. ეს ინფორმაცია მცდარია და მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას. სამინისტროს სურს გაცნობოთ, რომ  არანაირი გამოძიება, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ პროცედურებზე, არ დაწყებულა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ 315-ე მუხლით დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ქართული კანონმდებლობით იურიდიულ პირს წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად,  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვაკუთხედი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა. სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სასჯელს შეთქმულების ან ამბოხების მოწყობისთვის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ გამოძიება დაიწყოს იურიდიული პირის წინააღმდეგ ან მას დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.”

კომენტარები