კომუნიკაციები

ფოსტის შესახებ კანონპროექტს საერთაშორისო გადამზიდავები გაფიცვით აპროტესტებენ

0 კომენტარი

საერთაშორისო საფოსტო გადამზიდავებმა DHL-მა და TNT-მ ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული ფოსტის შესახებ კანონპოექტი გამაფრთხილებელი გაფიცვით გააპროტესტეს. 

ახალი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ფოსტა ინიშნება საფოსტო კავშირის ეროვნული ოპერატორი, რომელიც 100 გრამამდე დოკუმენტებისა და 20 კგ-მდე ამანათების გადაზიდვის ექსკლუზიურ უფლებას იძენს.

“ჩვენი კომპანიები ამ გამაფრთხილებელი გაფიცვით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული ფოსტის შესახებ კანონპროექტის გამო, რომელიც ბაზრის ამ სეგმენტზე ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმფიფო რეგულირების შემორებას ითვალისწინებს. ამ კანონპროექტით პრაქტიკულად ხდება ქვეყნის ეკონომიკის, როგორც ევროპული ორიენტაციის ეკონომიკის, მიმართულების ცვლილება”, - ვკითხულობთ კომპანიების განცხადებაში.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაფიცვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. მისივე თქმით გადამზიდავებთნ შეხვედრა შემდეგი კვირის ორშაბათს ან სამშაბათს შედგება, სადაც კანონპროექტი მუხლობრივად განიხილება.  

საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოში აღნიშნავენ, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ კანონში არსებითი ცვლილებები არ შესულა და საქმე კვლავ გვაქვს საქართველოს ფოსტის მიერ კანონისმიერი მონოპოლიის მოპოვების საფრთხესთან.

საერთაშორისო გამჭვირვალობაში განმარტავენ, რომ საქართველომ DCFTA-ს მიხედვით, აიღო ვალდებულება, რომ არ დააწესებდა შეზღუდვებს საზღვრის გადამკვეთი საკურიერო მომსახურებების მიმართ. მათივე თქმით, არსებული კანონპროექტის კანონად ძალაში შესვლის შემთხვევაში, ისინი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. 

კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუვა ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში იქნება აქტიური. 2019 წლისათვის კი მოხდება ბაზრის ლიბერალიზაცია, თუმცა გადამზიდავებს უცნაურად ეჩვენებათ რომ მთავრობა უკვე ლიბერალიზებული ბაზრის რე-რეგულირებას და 2019 წელს რე-ლიბერალიზაციას ახდენს. 

საფოსტო კანონპროექტს გამოეხმაურა უმცირესობის წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილიც. მისი თქმით არსებული კანონპროექტი მოემსახურება პრემიერი ღრიბაშვილისა და მისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის პირად ინტერესებს. 

საქართველოს ფოსტა გამოეხმაურა ირმა ნადირაშვილის გამოსვლას. განცხადებაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველოს ფოსტას  გააჩნია საკუთარი  სატრანსპორტო საშუალებები და  თავად  ახორციელებს  საამანათო გადაზიდვებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  შესაბამისად კომპანიას არ საჭიროებს და მომავალშიც არ იგეგმება პარტია ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებულ კომპანიებთან მათ შორის შპს „ტოპ ტრანს სერვისთან“ თანამშრომლობა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილი იქნება მხოლოდ კანონპროექტზე მუშაობის  დასრულებისა და მისი გაცნობის  შემდეგ.  

DHL-ის რეგიონალური დირექტორის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი არსებული რედაქციით შევა ძალაში მათ მოუწევთ გარკვეული მომსახურებების გაუქმება, რაც ამჟამად, მისივე თქმით, კომპანიის წლიური ბრუნვის თითქმის ერთ მესამედს შეადგენს. 

გადამზიდავები განმარტავენ, რომ კონსულტაციები ბიზნესომბუდსმენთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და ეკონომიკის სამინისტროსთან სამუშაო პროცესის ნაწილია და იმედოვნებენ რომ კანონპროექტის შემუშავებისას მათი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. გადამზიდავები ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრას შემდეგ კვირას გეგმავენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები