ე.წ. კანონიერი ქურდები

ზაქარეიშვილი კალაშოვზე: ესპანური მართლმსაჯულების მიმართ კითხვები უნდა დაისვას

ე.წ. კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის რუსეთში ექსტრადირებასა და შემდგომ გათავისუფლებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან კალაშოვის ექსტრადიციის მოთხოვნა 2010 წელს დააკმაყოფილა, თუმცა, კალაშოვი ესპანეთმა რუსეთს გადასცა. ზაქარეიშვილის თქმით, კითხვები ესპანეთის მართლმსაჯულების მიმართ უნდა დაისვას.

"საჭიროა, პირველ რიგში, შეკითხვები დაისვას ესპანეთის მართლმსაჯულების მიმართ. ესპანეთში საკმაოდ მაღალ დონეზეა სასამართლო, ევროკავშირის სახელმწიფოა. იქ ნამდვილად ღებულობენ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებებს, რაც ესპანურ სამართალს შეესაბამება. ამიტომ, მათ რაკი ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ალბათ, საფუძველი გააჩნია ამას. მე დეტალების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს", - თქვა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ესპანეთიდან კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის ექსტრადირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. 

დომოდედოვოს აეროპორტიდან ის სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. სააგენტო РЕН ТВ-ს წყაროს ინფორმაციით, ოპერატიულ სამსახურებთან გასაუბრების შემდეგ, კალაშოვი გაათავისუფლეს, რადგან, წყაროს ცნობით, რუსულ სამართალდამცველ ორგანოებს მასთან პრეტენზიები არ გააჩნდათ.

სამჯერ ნასამართლევი შაქრო კალაშოვი მოსკოვში მოკლული კანონიერი ქურდის, დედ ჰასანის (ასლან უსოიანის) კრიმინალური იმპერიის მემკვიდრეა. ხასანის სიკვდილის შემდეგ კალაშოვს რუსეთის ნომერ პირველ კანონიერ ქურდს უწოდებენ.

2006 წელს საქართველოს სასამართლომ კალაშოვს კანონიერი ქურდობისა და ადამიანის გატაცებისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ამ პროცესზე კალაშოვს მომავალი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი იცავდა.

იმავე წელს კალაშოვი არაბთა საამიროებში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს, სადაც ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით იძებნებოდა. 2010 წელს ესპანეთის სასამართლომ მას შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა.

2010 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ესპანეთის სასამართლოსგან კალაშოვის საქართველოში ექსტრადირებაზე თანხმობა მიიღო. თუმცა, საბოლოოდ, კალაშოვის ექსტრადირება არა საქართველოში, არამედ რუსეთში მოხდა.

კანონიერი ქურდის ყოფილმა ადვოკატმა, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტაბულასთან სატელეფონო საუბარში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

ტაბულა ესაუბრა საქართველოს იუსტიცის მინისტრის ყოფილ მოადგილეს თინა ბურჯალიანს. მისი თქმით, ესპანეთიდან საქართველოში კალაშოვის ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება გადასინჯვას არ ექვემდებარებოდა და მისთვის უცნობია, რატომ მოხვდა კალაშოვი რუსეთში და არა საქართველოში.

კომენტარები