საქართველოს ეკონომიკა

2014 წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 4% შეადგინა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატმა დღეს 2014 წლის პირველი ცხრა თვის ეკონომიკური ზრდის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. ცხრა თვის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.9% შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2014 წლის მესამე კვარტალში მშპ-ის ზრდა 5.5% იყო, თუმცა მესამე კვარტალში ზრდის ტემპის გარკვეული შენელებაც შეინიშნება, რადგანაც მესამე კვარტალში ყოველი თვის ეკონომიკური ზრდა იკლებდა, ხოლო სექტემბერში კი 4.1% შეადგინა.

ეკონომიკური ზრდა მაქსიმალური წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც მან 7.1% შეადგინა, თუმცა ექსპერტები ამ ზრდას 2013 წლის ბოლო კვარტალიდან გადმოყოლილად ახასიათებენ. 2013 წლის ბოლო კვარტალში სახელმწიფომ ხარჯვა 600 მილიონამდე გაზარდა, რამაც ეკონომიკური ზრდის სტატისტიკაზე იქონია გავლენა. 2013 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 3.2% იყო.

2014 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდამ 5.2% შეადგინა.

2014 წელს სახელმწიფოს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. 

მსოფლიო ბანკის შეფასებით, წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 6.3% იქნება. მსოფლიო ბანკის ანგარიშში 2016 წლის ეკონომიკური ზრდა 6.5%-ით არის შეფასებული. 2015 წლის ბიუჯეტი წლევანდელის მსგავსად 5%-იან ზრდაზეა გათვლილი. 

კომენტარები