თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონზე ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. 

პროკურორის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასაპატიმრო ზომის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ზეგავლენა მოეხდინათ მოწმეებზე. დაცვის მხარე კი, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატ ლევან სამუშიას შეფასებით, სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, მოსამართლემ დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა. 

4 მილიონზე ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი 28 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია სილქნეტი კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას გეგმავდა. ბრალდებულებმა ბაზრის კვლევისა და შესაძენი ქონებისა და მომსახურების მიღებისთვის ყველაზე დაბალი ფასის განსაზღვრისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადეს. მათ ტენდერში მონაწილეობის მიღებისთვის მოწვევა სილქნეტთან ერთად კიდევ 9 კომპანიას გაუგზავნეს. თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა სილქნეტი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს და, საბოლოოდ, საიდუმლო შესყიდვაში სილქნეტმა გაიმარჯვა. საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები