ფარული მოსმენები

კუბლაშვილი: ღარიბაშვილს მოსმენილიდან აზრის გამოტანის პრობლემა აქვს

chveniambebi.info

საპარლამენტო უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრს მოსმენილიდან აზრის გამოტანის პრობლემა აქვს. კუბლაშვილი მოწმეთა დაკითხვის შესახებ კანონთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ ღარიბაშვილი ყურადღებით მოუსმენს იმ ადამიანებს, რომლებიც უკეთესად ერკვევიან საკითხში.

"ასეთი საუბარი ნამდვილად იყო ირაკლი ღარიბაშვილთან მაშინ, როდესაც ფარცხალაძის ფინანსურმა პოლიციამ მერიის 23 თანამშრომელი დააკავა, მაშინ როცა NATO-ს ვიზიტი იყო საქართველოში. ამაზე თვითონ ღარიბაშვილი იყო ძალიან შეშფოთებული და ამბობდა, რომ პროკურატურას და სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ კვალიფიკაციის პრობლემა, რასაც მე მაშინ ვადასტურებდი და ახლაც ვადასტურებ. ეს გამოაშკარავდა მაშინაც, როდესაც ფარცხალაძე გადაიყვანეს მთავარ პროკურორად და გამოაშკარავდა მისი კრიმინალური წარსული. ჩემი მხრიდან პასუხი იყო, რომ სამართალდამცველი ორგანოების კვალიფიკაციის ზრუნვა არის ხელისუფლების ვალდებულება და ეს მათ უნდა გააკეთონ. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ დავსვამთ ახლაც და მომავალშიც, მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის საკითხის აუცილებლობას. სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილს მაშინაც და დღესაც მოსმენილიდან აზრის გამოტანის პრობლემა აქვს და ყურადღებით თუ მოუსმენს ადამიანებს, რომლებიც მასზე უკეთესად ერკვევიან საკითხებში, კარგი იქნება", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა მოსმენების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას შეადარა. მისი თქმით, კოტე კუბლაშვილმა უთხრა, რომ სასამართლო ამისთვის მზად არ იყო. ღარიბაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საუბარი ჰქონდა პავლე კუბლაშვილთანაც, რადგან კანონპროექტი ნაციონალური მოძრაობის ინიცირებული იყო და დეპუტატმა უთხრა, რომ ოპოზიციის საქმეა, ხელისუფლებას პრობლემა შეუქმნას და ხელისუფლებამ გამოწვევებს უნდა უპასუხოს.

კომენტარები