ე.წ. გასაღების თემა

ალასანიას ფრაქციამ მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებას ხმა არ მისცა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადავადებას ალასანიას ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გადაცემა თეორემაში განაცხადა. ნადირაშვილის თქმით, კანონპროექტის გადავადებას ხმა არც რესპუბლიკელების უმრავლესობამ მისცა. 

"ნიშანდობლივი იყო ერთი გარემოება, რომ ალასანიას გუნდიდან არცერთ წევრს არ მიუღია მონაწილეობა ამ ცხარე დებატებში. როგორც წესი ისინი არიან ძალიან აქტიურები და ყოველთვის ცდილობენ უმრავლესობის პოზიციის დაცვას. დღეს ასეთი რამ არ მომხდარა და რამდენადაც ვიცი, ალასანიას ფრაქციის წევრებს ამ კანონპროექტის გადავადებისთვის დღეს მხარი არ დაუჭერიათ, ისევე როგორც რესპუბლიკელების უმრავლესობას. აქ გამონაკლისი იყო დავით უსუფაშვილი, ასევე ვახტანგ ხმალაძე, რომლებმაც ამ კანონპროექტის გადავადებას მისცეს ხმა. ალასანიას გუნდის წევრებს ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, არ ვიცი ეს რასთან არის დაკავშირებული. უკავშირდება ეს მათ პრინციპულ პოზიციას, რომ არ ეთანხმებიან ამ კანონპროექტის გადავადებას, თუ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ ცნობილ გახმაურებულ სასამართლო პროცესთან, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა".

პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს 1-ლი აპრილის ნაცვლად 28 თებერვლამდე მოამზადებს და დაამტკიცებს. ვადის შემცირების ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვიდა.

ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებები 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ გავიდა. 31 დეპუტატიდან საპარლამენტო უმცირესობის გარდა მხარი კანონპროექტის გადავადებას არ დაუჭირა თავისუფალი დემოკრატების 8 დეპუტატმა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მურმან დუმბაძემ.

კომენტარები