თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

პროკურატურისთვის უცნობია, დაიკითხება თუ არა ირაკლი ალასანია

თბილისის საქალაქო სასამართლო
radiotavisupleba.ge

ჟურნალისტების კითხვას, მოხდება თუ არა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას დაკითხვა, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ზუსტი პასუხი ვერ გასცა. მისი თქმით, მან არ იცის დადგება, თუ არა ირაკლი ალასანიას დაკითხვის საჭიროება. პროკურორის შეფასებით, ამ ეტაპზე საქმეში მხოლოდ დაკავებულები ფიგურირებენ. "სხვა პირების გამოკვეთის შემთხვევაში, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - განაცხადა პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონზე ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები