ფარული მოსმენები

უსუფაშვილი პრეზიდენტს ელექტრონული კომუნიკაციის კანონის ხელმოწერას სთხოვს

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებების ხელმოწერას და გამოქვეყნებას სთხოვს. დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის ბოლო ვადაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებს საკომუნიკაციო კომპანიების ინფორმაციებზე წვდომის უფლება აღარ ექნებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს გუშინ, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა და წუხილი გამოხატა, რომ სახელმწიფოს მეთაურს ამისთვის 24-საათიანი ვადა აქვს. 

"მინდა გამოვთქვა წუხილი, რომ პრეზიდენტს კანონპროექტის ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად 24-საათი რჩება. ეს ნორმალური პრაქტიკა არ არის და მას მივმართავ დაპირებით, რომ მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს. ამასთან, ვთხოვ, გადაწყვეტილება მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღოს - საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების გარანტი და გადაწყვეტილების სწრაფად ხელმოწერა და ძალაში შესვლა სამართლადამცავი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელებას სჭირდება", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს 1-ლი აპრილის ნაცვლად 28 თებერვლამდე მოამზადებს და დაამტკიცებს. 
ვადის შემცირების ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვიდა.

ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ გავიდა. 31 დეპუტატიდან საპარლამენტო უმცირესობის გარდა მხარი კანონპროექტის გადავადებას არ დაუჭირა თავისუფალი დემოკრატების 8 დეპუტატმა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მურმან დუმბაძემ.

პარლამენტმა 1-ლ აგვისტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ე.წ. გასაღები. პარლამენტს 2014 წლის 1-ლ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილებით, ეს ვადა 28 თებერვლამდე გადაიწია.

კომენტარები