ფარული მოსმენები

მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებას ვეტო დაადო. მისი თქმით, ხელისუფლება სწრაფად უნდა იღებდეს იმ კანონებს, რომლებზეც საზოგადოებაში სრული კონსენსუსია.

"პირველი არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის მტკიცე კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიცია უნდა იქნას ჩამოყალიბებული და ჩვენ სპეცსამსახურების ფუნქციონირების თანამედროვე დემოკრატიულ ფორმაზე უნდა გადავიდეთ. მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, ჩვენ გვისმენდა კაგებე და ამითი გავიზარდეთ, შემდეგ მე ვცხოვრობდი პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელშიც სახელმწიფოს გაძლიერების სიმბოლოდ სააკაშვილის რეჟიმმა უკანონო მოსმენები აიღო. შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ამ რეჟიმს გამოვუტანეთ განაჩენი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2 წლის თავზე, იმაზე, რაზეც მთელი საზოგადოება ჩამოყალიბებულია და არსებობს კონსენსუსი, ეს კონსენსუსი უნდა დავაყენოთ კანონის ფორმაში. მე მივესალმები სამოქალაქო საზოგადოების იმ ჩართულობას, რომელიც თავიდანვე ძალიან აქტიური იყო. ჩვენ ვიცით, რომ 2012 წელსვე დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა, მე მივესალმები იმ კანონს, რომელიც მიღებულ იქნა აგვისტოში. თუმცა, ბევრი დეტალი ამ კანონის არ დარეგულირებულა, უმნიშვნელოვანესი თემები გადაიდო დღევანდელი დღისთვის, ამ გადადებას კიდევ მოჰყვა გადადება კიდევ რაღაც დროით. მიმაჩნია, რომ ეს ტენდენცია უფრო გონივრულ რეჟიმში უნდა იქნას გადატანილი და ბევრად უფრო სწრაფად უნდა ვიღებდეთ იმ კანონებს, რომელზეც არის სრული კონსენსუსი საზოგადოებაში, დარწმუნებული ვარ -პოლიტიკურ ელიტაშიც. შესაბამისად, ის კანონები, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მათ დაცულობას, უსწრაფეს ვადაში უნდა იქნას მიღებული.

ამდენად, მე მოვუწოდებ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი და გააკეთოს მთავარი - აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს, აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის, კრიმინოგენური საკითხების გადალახვა ხდება საზოგადოების მაქსიმალური ნდობით და ჩართულობით. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯი და კიდევ ერთხელ ჩავრთოთ საზოგადოება აქტიურ დიალოგში. ამითი გადაიჭრება ყველა პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უნდა აღდგეს ნდობა და ეს პოლიტიკოსებმა უნდა დავიწყოთ. შესაბამისად, მე ამ არგუმენტაციით ვადებ ამ კანონს ვეტოს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს ამ პოზიციას", - თქვა მარგველაშვილმა.

თუ პარლამენტმა ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა, ამისთვის 76 ხმა დასჭირდება.

ცნობისთვის, პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ გავიდა. პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი პირველი აპრილის ნაცვლად, 28 თებერვლამდე უნდა მოემზადებინა და დაემტკიცებინა. კანონპროექტისთვის პრეზიდენტს ხელი დღეს უნდა მოეწერა.

პარლამენტმა პირველ აგვისტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ე.წ. გასაღები. პარლამენტს 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილებით, ეს ვადა 28 თებერვლამდე გადაიწია.

კომენტარები