ფარული მოსმენები

გიგაური: ყველაზე მეტად საქართველოს პრეზიდენტის იმედი გვქონდა

საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, პრეზიდენტმა დღევანდელი გადაწყვეტილებით დაამტკიცა, რომ საქართველოს არჩევანი არის დემოკრატიული მმართველობის სისტემა. მან გიორგი მარგველაშვილს მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებაზე ვეტოს დადების გამო, კამპანია "ეს შენ გეხებას" სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად საქართველოს პრეზიდენტის იმედი ჰქონდათ.

"ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად საქართველოს პრეზიდენტის იმედი გვქონდა. ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტს, არა მარტო ჩემი სახელით, არამედ კამპანია "ეს შენ გეხებას" სახელით. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით და დარწმუნებული ვიყავით, რომ საქართველო მზად არის გაბედული გადაწყვეტილებებისთვის, რაც, მაგალითად, ძველი სისტემის ახლით შეცვლას გულისხმობს. მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ საქართველოს არჩევანი არის დემოკრატიული მმართველობის სისტემა და საქართველოს მთავრობის არჩევანი უნდა იყოს ის, რომ პირველ ადგილზე დააყენოს ადამიანი, მისი უფლებები, მისი თავისუფლებები. ყველაფერი, რასაც ხელისუფლება შექმნის, მიმართული უნდა იყოს ქვეყანაში პიროვნების და ადამიანის დაცვისკენ. ვფიქრობ, ეს მართლაც ამის დამადასტურებელი გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია", -უთხრა გიგაურმა ინტერპრესნიუსს და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე "ეს შენ გეხება" განცხადებას გააავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებას ვეტო დაადო. მისი თქმით, ხელისუფლება სწრაფად უნდა იღებდეს იმ კანონებს, რომლებზეც საზოგადოებაში სრული კონსენსუსია.

"პირველი არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის მტკიცე კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიცია უნდა იქნას ჩამოყალიბებული და ჩვენ სპეცსამსახურების ფუნქციონირების თანამედროვე დემოკრატიულ ფორმაზე უნდა გადავიდეთ. მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, ჩვენ გვისმენდა კაგებე და ამითი გავიზარდეთ, შემდეგ მე ვცხოვრობდი პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელშიც სახელმწიფოს გაძლიერების სიმბოლოდ სააკაშვილის რეჟიმმა უკანონო მოსმენები აიღო. შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ამ რეჟიმს გამოვუტანეთ განაჩენი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2 წლის თავზე, იმაზე, რაზეც მთელი საზოგადოება ჩამოყალიბებულია და არსებობს კონსენსუსი, ეს კონსენსუსი უნდა დავაყენოთ კანონის ფორმაში. მე მივესალმები სამოქალაქო საზოგადოების იმ ჩართულობას, რომელიც თავიდანვე ძალიან აქტიური იყო. ჩვენ ვიცით, რომ 2012 წელსვე დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა, მე მივესალმები იმ კანონს, რომელიც მიღებულ იქნა აგვისტოში. თუმცა, ბევრი დეტალი ამ კანონის არ დარეგულირებულა, უმნიშვნელოვანესი თემები გადაიდო დღევანდელი დღისთვის, ამ გადადებას კიდევ მოჰყვა გადადება კიდევ რაღაც დროით. მიმაჩნია, რომ ეს ტენდენცია უფრო გონივრულ რეჟიმში უნდა იქნას გადატანილი და ბევრად უფრო სწრაფად უნდა ვიღებდეთ იმ კანონებს, რომელზეც არის სრული კონსენსუსი საზოგადოებაში, დარწმუნებული ვარ -პოლიტიკურ ელიტაშიც. შესაბამისად, ის კანონები, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მათ დაცულობას, უსწრაფეს ვადაში უნდა იქნას მიღებული.

ამდენად, მე მოვუწოდებ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი და გააკეთოს მთავარი - აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს, აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის, კრიმინოგენური საკითხების გადალახვა ხდება საზოგადოების მაქსიმალური ნდობით და ჩართულობით. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯი და კიდევ ერთხელ ჩავრთოთ საზოგადოება აქტიურ დიალოგში. ამითი გადაიჭრება ყველა პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უნდა აღდგეს ნდობა და ეს პოლიტიკოსებმა უნდა დავიწყოთ. შესაბამისად, მე ამ არგუმენტაციით ვადებ ამ კანონს ვეტოს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს ამ პოზიციას", - თქვა მარგველაშვილმა.

თუ პარლამენტმა ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა, ამისთვის 76 ხმა დასჭირდება.

ცნობისთვის, პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ გავიდა. პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი პირველი აპრილის ნაცვლად, 28 თებერვლამდე უნდა მოემზადებინა და დაემტკიცებინა. კანონპროექტისთვის პრეზიდენტს ხელი დღეს უნდა მოეწერა.

პარლამენტმა პირველ აგვისტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ე.წ. გასაღები. პარლამენტს 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილებით, ეს ვადა 28 თებერვლამდე გადაიწია.

კომენტარები