ფარული მოსმენები

ბეჟაშვილი ვეტოზე: პრეზიდენტი მიხვდა, რომ უნდა განახორციელოს უფლებამოსილებები

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ლევან ბეჟაშვილს მოსმენების კანონპროექტის გადავადებაზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების მოლოდინი არ ჰქონია, თუმცა მოხარულია, რომ გიორგი მარგველაშვილმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება განახორციელა და საკანონმდებლო პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

"მოლოდინი არ მქონდა ვეტოსთან დაკავშირებით, მაგრამ კარგია, რომ პრეზიდენტი მიხვდა ბოლოს და ბოლოს, რომ უნდა განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები და მიიღოს საკანონმდებლო პროცესში აქტიური მონაწილეობა. იმ თვალსაზრისით თუნდაც, რომ ვეტო დაადოს იმ საკითხებს, რომელთაც პრინციპულად არ ეთანხმება. ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ამ შემთხვევაში, სამართალდამცველ ორგანოებს უკვე ნათელი გზავნილი აქვთ როგორც არასამთავრობოების, პრეზიდენტის ინსტიტუტის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომ ასე ვითარება არ შეიძლება გრძელდებოდეს მუდმივად. რაღაცა კარდინალური ცვლილება გასაკეთებელია. ამ შემთხვევაში მოსმენებთან დაკავშირებით, პრიორიტეტი უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესი, მოქალაქეთა უფლებები და არა სამართალდამცველების ინტერესები.

პარლამენტს ვეტოს დასაძლევად მთელი ძალების მობილიზება დასჭირდება, რაც დღევანდელი განლაგებით სახეზე არ აქვთ. შესაბამისად, თუ ვეტო დაძლეული არ იქნა, მაშინ შსს-ს აღარ ექნება მონაცემების შეგროვების საშუალება და უკვე შემდგომი ნაბიჯი იქნება ის, რომ პარლამენტმა დაარეგულიროს და შეცვალოს სისტემა, რომელიც დღეს პოლიციას აძლევს შეუფერხებლად ადამიანების მოსმენის საშუალებას", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებას ვეტო დაადო. მისი თქმით, ხელისუფლება სწრაფად უნდა იღებდეს იმ კანონებს, რომლებზეც საზოგადოებაში სრული კონსენსუსია.

ამასთან, პრეზიდენტმა კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტს შენიშვნებით დაუბრუნა გუშინ მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი. პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი კანონის პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა ფარულ მოსმენებზე კანონპროექტი 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, სწორედ 1 დეკემბრამდე ექნება შსს-ს ე.წ გასაღებზე წვდომის უფლება.

აღსანიშნავია, რომ თუ პარლამენტმა ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა, ამისთვის 76 ხმა დასჭირდება.

ცნობისთვის, პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ გავიდა. პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი პირველი აპრილის ნაცვლად, 28 თებერვლამდე უნდა მოემზადებინა და დაემტკიცებინა. კანონპროექტისთვის პრეზიდენტს ხელი დღეს უნდა მოეწერა, თუმცა, მან ვეტო დაადო.

პარლამენტმა 1 აგვისტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ე.წ. გასაღები. პარლამენტს 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილებით, ეს ვადა 28 თებერვლამდე გადაიწია.

კომენტარები