ფარული მოსმენები

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო გაიზიარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის დადებული ვეტო გაიზიარა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ სხდომაზე განაცხადა, ის პრეზიდენტის ვეტოს გაზიარების გარდა, სხვა გზას ვერ ხედავს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საკანონმდებლო ვაკუუმი, რადგან მოქმედი კანონმდებლობით შსს-ს ე.წ. გასაღების ფლობის უფლება ხვალიდან აღარ ექნება. 

საკომიტეტო გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტს შენიშვნებით დაუბრუნა გუშინ მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი. პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი კანონის პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა ფარულ მოსმენებზე კანონპროექტი 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ფარულ მოსმენებზე კანონპროექტის მომზადებას 2015 წლის 28 თებერვლამდე გადაავადებდა.

 "საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი. 2014 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ‐ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება აქვს:

ა) ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების, აგრეთვე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების განთავსებისა და მონტაჟის შესაძლებლობა. აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით;

ბ) ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ახორციელებდეს კავშირგაბმულობის არხში არსებული, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე‐8 მუხლის მე‐3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების კოპირებას. ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით", - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტში.

პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ გავიდა. პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი პირველი აპრილის ნაცვლად, 28 თებერვლამდე უნდა მოემზადებინა და დაემტკიცებინა. კანონპროექტისთვის პრეზიდენტს ხელი დღეს უნდა მოეწერა.

პარლამენტმა პირველ აგვისტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ე.წ. გასაღები. პარლამენტს 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილებით, ეს ვადა 28 თებერვლამდე გადაიწია.

კომენტარები