კანონი ფარული მოსმენების შესახებ

96 ხმით 1-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებზე პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი 1 დეკემბრამდე უნდა მოამზადოს. კანონპროექტი 96 ხმით 1-ის წინააღმდეგ გავიდა.

კენჭისყრამდე პრეზიდენტის შენიშვნები დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადავადებას ვეტო დღეს დაადო. მან პარლამენტს შესთავაზა, რომ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული კანონპროექტი არა 28 თებერვლამდე, არამედ 1 დეკემბრამდე იყოს მიიღონ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლება სწრაფად უნდა იღებდეს იმ კანონებს, რომლებზეც საზოგადოებაში სრული კონსენსუსია.

პრეზიდენტმა ახალ კანონპროექტს, რომელშიც მისი შენიშვნებია შესული, ხელი დღესვე უნდა მოაწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალიდან ძალაში შევა ზაფხულში მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ეკრძალება. კანონის მიხედვით ფარული მიყურადებისთვის სამართალდამცველებს დასჭირდებათ სასამართლოს ნებართვა, რის შედეგადაც მობილური ოპერატორი მოსასმენ აპარატურას ჩართავას.

კომენტარები