კანონი ფარული მოსმენების შესახებ

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონს - ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"სახელმწიფოს მეთაური მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს შეთავაზებული შენიშვნების გათვალისწინებისთვის და აღნიშნულს, ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს" - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებზე პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი 1 დეკემბრამდე უნდა მოამზადოს. კანონპროექტი 96 ხმით 1-ის წინააღმდეგ გავიდა.

კენჭისყრამდე პრეზიდენტის შენიშვნები დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადავადებას ვეტო დღეს დაადო. მან პარლამენტს შესთავაზა, რომ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული კანონპროექტი არა 28 თებერვლამდე, არამედ 1 დეკემბრამდე მიიღონ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლება სწრაფად უნდა იღებდეს იმ კანონებს, რომლებზეც საზოგადოებაში სრული კონსენსუსია.

 

 

კომენტარები