ენმ: მთავრობის მორიგი ტყუილია, თითქოს 15 ნოემბერს დესტაბილიზაციას ვგეგმავთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "ყველა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 15 ნოემბერს იგეგმება დესტაბილიზაცია და დაპირისპირება, არის ამ მთავრობის მორიგი ტყუილი და პანიკაში მყოფი ხელისუფლების ისტერიკული რეაქცია". ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაცემა რეაქციაში გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ 15 ნოემბრის აქცია იქნება მშვიდობიანი, ჩატარდება ცივილიზებული ფორმით და არ გაცდება კანონით დადგენილ ფარგლებს. მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აქციაზე ოჯახთან ერთად მივლენ.

"ჩვენ კვლავ ვიხილეთ თვითკმაყოფილი ადამიანის ისტერიული განცხადებები, რომელიც ვერ ხედავს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, პრობლემებს ეკონომიკაში, პრობლემებს ეკონომიკური ვითარების მხრივ, ისევე როგორც საფრთხეებს, რომელიც ემუქრება ჩვენი ქვეყნის ტერიტორულ მთლიანობას და ზოგადად ეროვნულ უსაფრთხოებას, აქედან გამომდინარე, არ აქვს ხედვა, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. 15 ნოემბრის აქციას აქვს რამდენიმე ძალიან კონკრეტული მიზანი, ამ აქციით საზოგადოებრივი ჯგუფი ვაპროტესტებთ პუტინის რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიას და მთავრობის დუმილის პოლიტიკას ამ ანექსიასთან დაკავშირებით, ასევე ვეცდებით ხმა მივაწვდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებულ ეთიკურ წმენდას და არასოდეს შეეგუებიან, რომ ნახევარმა მილიონმა დევნილმა დაკარგოს უფლება, დაუბრუნდეს საკუთარ სახლ-კარს. ეს არის 15 ნოემბრის აქციის ძალიან კონკრეტული მიზანი, აქვს კონკრეტული პათოსი და ამ პათოსს ქვეყანაში იზიარებს ძალიან ბევრი ადამიანი. ღარიბაშვილს, ისევე როგორც მის უშუალო პატრონს, შეიძლება არ ესმოდეს, რატომ ახდენს რუსეთი აფხაზეთის ანექსიას, როგორც ეს მან გუშინ თქვა გადაცემაში, მას შეიძლება არ ესმოდეს, რამდენად საზიანოა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდა სინამდვილეში არის რაღაც თვითგამორკვევის პროცესი, მაგრამ იმდენი მაინც უნდა ესმოდეს, რომ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, ენმ 15-50 ლარს არიგებს იმისთვის, რომ მოახდინოს ადამიანების მობილიზება თბილისში, შეურაცხმყოფელია ყველა პატრიოტი ადამიანისთვის" - გნაცხადა ჯაფარიძემ.

გუშინ, გადაცემა რეაქციაში, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აქამდე ნათქვამი, რომ ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე ათეული ლარის შეძლევით, რამდენიმე ასეული ადამიანის ჩამოყვანას გეგმავს და სურს მათ ერთმანეთი აცემინოს.

"მათ უხდიან 15-დან 50-ლარამდე. მათ სურთ ჩამოიყვანონ რამდენიმე ასეული ადამიანი და ერთმანეთი აცემინონ და შემდეგ თქვან, რომ აი მთავრობამ მოაწყო პროვოკაცია. მათ თავში მუდმივად ასეთი იდეები და აზრები ტრიალებს. მათი ეს მცდელობა არის სასაცილო. იგივეა, რომ შალვა ნათელაშვილმა დაგეგმოს რაღაც. შალვა ნათელაშვილი არის ძალიან ახლობელი სააკაშვილის. რაც არის ნაციონალური მოძრაობა, იგივეა ნათელაშვილი. ერთ დონეზე არიან დასულები უკვე. სერიოზულად უნდა აღვიქვათ შალვა ნათელაშვილის რამე განცხადება?", - თქვა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები