თბილისის მერია

მერია: დღეიდან თბილისელები ზამთრის კომუნალურ ვაუჩერებს მიიღებენ

თბილისის მერიის განცხადებით, "დღეიდან თბილისელები ზამთრის კომუნალურ ვაუჩერებს მიიღებენ". როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით გამართულ თათბირზე თქვა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს 250-ლარიანი, დანარჩენ აბონენტებს კი, 100-ლარიანი ვაუჩერები დაურიგდებათ.

"ვაუჩერებს მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ იმ სქემით, რა სქემაც იყო დამტკიცებული. ცვლილება არ მომხდარა, თუმცა ჩვენ გავზარდეთ დაფინანსების მოცულობა, როცა სექტემბერში შევცვალეთ ბიუჯეტი, ვინაიდან, სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეტანილმა ცვლილებებმა დამატებითი დაფინანსების საჭიროება წარმოშვა“ - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონისთვის თბილისის მერია და შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან. მისივე თქმით, შეშით დაკმაყოფილდებიან იმ რაიონში მცხოვრები ოჯახები, სადაც გაზიფიცირება არ არის. ნარმანიას განცხადებითვე, მზადყოფნაა ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისითაც. რაც შეეხება მოსახლეობის დავალიანების გადავადებას, თბილისის მერის თქმით, "ამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ჩატარდება და საკითხი მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდება".

კომენტარები