დავით უსუფაშვილის სტატია

კანცელარიამ ტაბულას უსუფაშვილის სტატიის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა

radiotavisupleba.ge

მთავრობის ადმინისტრაციამ ტაბულას International New York Times-ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გამოქვეყნებული წერილის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა. ამით ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ კანონით დადგენილი ვადა დაარღვია და 10 დღეში საჯარო ინფორმაცია არ გასცა. 

ტაბულამ მთავრობის ადმინისტრაციას 2014 წლის 20 ოქტომბერს მიმართა. ტელეკომპანიამ მოითხოვა International New York Times-ის მიერ ტაბულასთვის მოწოდებული ცნობის დადასტურება, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარის წერილი გამოცემაში სარეკლამო გვერდზე რეკლამის სახით განთავსდა, შესაბამისი გრაფიკითა და სარეკლამო რეგლამენტის დაცვით. ტაბულამ მთავრობის ადმინისტრაციისგან ასევე მოითხოვა ინფორმაცია, სტატიის დაბეჭდვაში გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ. 

პარალელურად, ტაბულას იურისტმა ცალკე განცხადებით მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას და მოითხოვა სარეკლამო სტატიის გამოქვეყნებისთვის გადახდილი თანხის გასაჯაროება, თუმცა უარი მიიღო. იურისტის განმარტებით, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია, სათაურით "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა პუტინის "თანამზრახველი" ივანიშვილი" International New York Times-ის 16 ოქტომბრის ნომერში განთავსდა. წერილში ნათქვამია, რომ ივანიშვილი არ მოქმედებს პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს. 

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია International New York Times-ის 16 ოქტომბრის გამოცემაში ფასიანი რეკლამის სახით განთავსდა. ტაბულას agenda.ge-ში უთხრეს, რომ International New York Times-ისგან გამომცემლობას შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღია. კანცელარიაში ასევე უარყოფენ ფაქტს, რომ agenda.ge-მ სტატიის გამოქვეყნებაში ფული გადაიხადა და ადასტურებენ, რომ უსუფაშვილის სტატია თავად მიაწოდეს გამომცემლობას. ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილში დაახლოებით, 75 000 ევროა გადახდილი.

"ამ მასალასთან დაკავშირებით ჩვენ გაზეთ International New York Times-ს მივმართეთ და გავარკვიეთ, რომ დავით უსუფაშვილის სტატია გამოცემა agenda.ge-მ International New York Times-ის პარიზის ოფისს დაუკვეთა სექციაში მსოფლიო ამბები (World News), სადაც სრულ გვერდზე რეკლამის განთავსების ღირებულება დაახლოებით 75 000 ევროს შეადგენს. ამასთან, გაზეთის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ უსუფაშვილის წერილი სრულ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც International New York Times-ის წარმომადგენელმა განგვიცხადა, გაზეთმა მიმართა agenda.ge-ს თხოვნით, გაესწორებინათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დავით უსუფაშვილის სტატია რეკლამაა, თუმცა ამ მოთხოვნაზე მათ პასუხი ჯერ არ მიუღიათ", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით კი, წერილი agenda.ge-ს გადასცა დასაბეჭდად და მისთვის მოულოდნელი იყო, რომ ის New York Times-ში დაიბეჭდა. 

კომენტარები