თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

წულუკიანი ალასანიაზე: დაირღვა ძალოვანის მხრიდან მინისტრის პატივისცემის წესი

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, ირაკლი ალასანიას მიმართ ძალოვანმა სტრუქტურებმა დაარღვიეს ის წესი, რაც მინისტრის პატივისცემას გულისხმობს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ყველა გამომძი
ებელს, ყველა პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ, როდესაც მინისტრი არის წასული მივლინებაში, თუკი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, დაელოდოს მას, მანამ სანამ დააკავებს მის თანამშრომლებს, რადგან იმით, რაც მოხდა ძალოვან სტრუქტურაში, დაირღვა ის დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანის მხრიდან. ყველა მინისტრი პატივს სცემს ძალოვანებს და იმავეს მოითხოვს მათგანაც", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების საქმის გამჭვირვალობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, საქმის სამართლიანად წარმართვაზე კი პასუხს მთავარი პროკურორი აგებს.

"ეს პროცესი უნდა იყოს და იქნება გამჭვირვალე, მომავალში ამ პროცესის გამჭვირვალობაზე პასუხს აგებს უმაღლესი ფიგურა სისხლის სამართლის დევნის სფეროში, ეს გახლავთ საქართველოს მთავარი პროკურორი, რადგან ეს არ გახლავთ იმ კალიბრის საქმე, რომელზეც შეიძლება პასუხისმგებელი იყოს რიგითი გამომძიებელი ან რიგითი პროკურორი. და ბოლოს, ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უმთავრეს ნაწილებში მაინც გრიფი მოეხსნას ამ საქმეს, რადგან დღეს არავის მასალებზე, ფაქტებზე, გარემოებებზე ხელი არ მიგვიწვდება იმაზე მეტად, რაც იქნა საჯაროდ გაცხადებული. არადა, გამჭვირვალობისთვის ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 4 მილიონზე ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები