კრიზისი უკრაინაში

დონბასში ე.წ. არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებენ

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოქმედი ხელმძღვანელები ალექსანდრ ზახარჩენკო და იგორ პლოტნიცკი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობენ. ამ დროისთვის ბიულეტენთა 50%-ია დათვლილი. არსებული მონაცემებით, ზახარჩენკოს დონეცკის მოსახლეობის 80 %-მა, ხოლო პლოტნიცკის ლუგანსკის მოსახლეობის 60%-მა დაუჭირა მხარი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რომან ლიაგინის თქმით, არჩევნებში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დიდმა ნაწილმა საკუთარი ბიულეტენები ფოსტით გაგზავნა.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, ე.წ. არჩევნებით მინსკის 5 სექტემბრის შეთანხმება ირღვევა. მისი თქმით, ეს „ფსევდოარჩევნებია, როცა ტერორისტებსა და ბანდიტებს ოკუპირებული ტერიტორიების მართვა სურთ“.

ორივე არაღიარებულმა რესპუბლიკამ ე.წ. საარჩევნო კანონი სექტემბერში შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი და პარლამენტი 4 წლის ვადით აირჩევა.

პარალელურად კი დაძაბულობა გრძელდება. რეგიონში პარასკევის შემდეგ დაპირისპირებას სულ ცოტა 7 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. აღმოსავლეთ უკრაინაში აპრილის შემდეგ მინიმუმ 3700 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები